რუსული პროპაგანდა კვლავ ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოში ბიოქიმიურ იარაღზე მუშაობს
რუსული პროპაგანდა
რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული TACC-ი წერს, რომ უკრაინისა და საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასავლეთი პაციენტებზე “სახიფათო ექსპერიმენტებს” ატარებს, რათა ახალი ტიპის “ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი” შექმნას. პროპაგანდას გამოცემა ე.წ. გამორჩეულ მკვლევარზე”, პუტინთან დაახლოებულ მიხაილ კოვალჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
“უბრალო დამთხვევა არ არის, რომ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკელები შევიდნენ ყველა ჩვენს ყოფილ რესპუბლიკაში და სოციალისტურ ქვეყანაში და სრული კონტროლი დაამყარეს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ცენტრებზე და ვირუსთა და ბაქტერიათა ყველა კოლექციაზე, რომელიც ამ ქვეყნებში ინახებოდა” – უთხრა კოვალჩუკმა TACC-ს.
მისივე განმარტებით, ამერიკელები “განსაკუთრებულ ყურადღებას” აქცევენ რუსეთის ენდემური ბაქტერიებისა და ვირუსების კოლექციებს, რაც, კოვალჩუკი თქმით, უმიზეზოდ არ უნდა ხდებოდეს.
“ჩვენ უკვე ვხედავთ თუ, როგორ ატარებენ სახიფათო კვლევებს უკრაინასა და საქართველოში ყოველგვარი მორალური ნორმისა და კანონის დარღვევით, კერძოდ, ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტებზე იმ მიზნით, რომ ახალი ტიპის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღები შექმნან.”
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი დასავლეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში ბიოქიმიური იარაღზე მუშაობის შესახებ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს.
მაგალითად ლუგარის ლაბორატორიას წლებია უწევს რუსული პროპაგანდის მოგერიება.
კრემლთან დაახლოებული მედია, ქართული პრორუსული რესურსების დახმარებით, ცენტრის წინააღმდეგ ნამდვილ საინფორმაციო ომს აწარმოებენ.
დოკუმენტური ფილმებიც კი იქმნება, სადაც ლუგარის ლაბორატორიას საქართველოში საშიში ვირუსების გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.
საქართველოში აცხადებენ, რომ რუსულ დეზინფორმაციას მიზანში, როგორც წესი, ამოღებული აქვს წარმატებული პროგრამები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. მაგალითად, იგივე C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამა, რომელიც ასევე რუსული დეზინფორმაციის სამიზნეა ხშირად.
2022 წლის 12 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ ლუგარში ვაშინგტონი ბიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.
“ამ ბიოლოგიური ობიექტის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები მწერების განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური და ინფექციური აგენტების მატარებლებად გამოყენებაზე”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ლუგარის თანამედროვედ აღჭურვილმა ლაბორატორიამ და მისმა მზაობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებაში.
ექსპერტები აღიარებენ, რომ ლუგარის ცენტრის მზაობა არის ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.