36 სახელმწიფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააუქმოს ე.წ. რუსული კანონი. განცხადებას კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მუდმივი მისია ჟენევაში ავრცელებს.
ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია დასავლური სახელმწიფოების პოზიცია, რომ კანონი საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას ისახავს მიზნად.
ამასთანავე, ქვეყნები აღნიშნავენ, რომ რუსული კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის.
● კანონი შეიქმნა, რათა საზიანო გავლენა ჰქონდეს მედია მაუწყებლების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, რაც მათი გაჩუმებისკენ არის გამიზნული.
● კანონი მიღებულ იქნა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების უგულებელყოფით და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტების, არაერთგზის მოწოდებისა, თავი შეიკავონ კანონმდებლობის წინსვლისგან.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი, შეწყვიტოს კანონის მოწინააღმდეგეების დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.
● სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიის ხერხემალი, რომელიც ეხმარება ანგარიშვალდებულების, ჭეშმარიტი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენისადმი მდგრადობის უზრუნველყოფას.
● მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს, მიიღოს შესაბამისი ზომები მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავი შეიკავოს რიტორიკა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.
● ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების მიმართ მიუღებელია და უნდა შეწყდეს.