რუსეთის საგარეო უწყება არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას
რუსეთის საგარეო უწყება
საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსეთი არ გამორიცხავს, “როცა ამისთვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნება”, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გალუზინის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება.
“მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც”. – განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
გალუზინმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული:
“რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობას, მსურს შეგახსენოთ, რომ ის თბილისის ინიციატივით 2008 წელს გაწყდა. [თბილისი] სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის უგულებელყოფას თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა.”
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● “გისურვებთ, მალე აღდგეს სამართლიანობა რუსეთ-უკრაინას შორის” – ილია II-ის მილოცვა რუსეთის პატრიარქს
●„თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1992 წლის 1 ივლისს დამყარდა.
თუმცა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების -აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან 2008 წლის 2 სექტემბერს.
2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და ვიზალიბერალიზაციაზე იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის “აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება”.
რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა აღნიშნა, რომ ცნობილია თბილისში არსებული პირობები და რუსეთი არ გამორიცხავს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას. მისივე განმარტებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ორნიშნა ციფრამდე სწორედ რუსეთიდან შემომავალი ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით გაიზარდა.