გარკვეული წინაპირობებით, საქართველოსთან ფრენების აღდგენა გამორიცხული არაა - რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და ვიზალიბერალიზაციაზე იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის “აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება”. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
გონჩარის თქმით, ცნობილია თბილისში არსებული პირობები და რუსეთი არ გამორიცხავს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას. მისივე განმარტებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ორნიშნა ციფრამდე სწორედ რუსეთიდან შემომავალი ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით გაიზარდა.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● კარასინმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე “გაწონასწორებული” პოზიციისთვის
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 8 ივლისის განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში შემოსვლა აუკრძალა. ამავე დღიდან შევიდა ძალაში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პუტინმა 20 ივნისს, თბილისში, კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მიიღო, რომელსაც მასობრივი პროტესტი და აქციის დარბევა მოჰყვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ განმარტავდა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობა “საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობაა”.
2020 წლის 28 ნოემბერს რუსეთის საგარეო უწყებამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრის დეტალებზეა საუბარი.
მოსკოვი მაშინ ამტკიცებდა, რომ ონლაინ-შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებზე და ითქვა, რომ ეს “პერსპექტივები საქართველოში ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტაზეა დამოკიდებული.”
გაიგეთ მეტი ჯემნიუსზე – Twitter | Facebook | Telegram | Instagram
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათ ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს.