„ნოვიჩოკი“ - დასავლური ბრენდი, გერმანია და საფრანგეთი - ანტირუსული კოალიცია - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
10 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრცელი კომენტარი გამოაქვეყნა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საბრძოლო ქიმიური საშუალება „ნოვიჩოკით“ მოწამვლის თემაზე, რაც გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის მთავრობებმა დაადასტურეს.
კრემლმა მთლიანად მოიხსნა ბრალდება და პასუხისმგებლობა, მოწამვლის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა და ევროპაში „ანტირუსული კოალიციის“ ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა.
2020 წლის 20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი მოულოდნელად ცუდად გახდა და რუსეთის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში, კომაში აღმოჩნდა.
ადგილობრივმა მედიკოსებმა მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ნავალნი სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს.
სექტემბრის დასაწყისში, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ანალოგიური საწამლავით, რომელიც რუსმა აგენტებმა 2018 წლის მარტში, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას წინააღმდეგ გამოიყენეს. გერმანიამ რუსეთისგან განმარტებები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისთვის სანქციების დადების პირობა დადო.
ამ ბრალდებებს მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა და შვედეთმა.
23 სექტემბერს, ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნავალნის შეიძლება მოწამვლის სიმულირება მოეხდინა ან თვითონ დაელია საწამლავი.
• ფოტორეპორტაჟი რუსული სოფლიდან, სადაც „ნოვიჩოკს“ აწარმოებდნენ
ძირითადი არგუმენტები, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია მოყვანილი:
• „ნოვიჩოკი“ – სუფთა დასავლური ბრენდია. ის სინთეზირებულია და დასავლურ ქვეყნებში მისი 140 ვარიანტი არსებობს. რუსეთს ის არ აქვს.
• მთელი რუსული ქიმიური შეიარაღება 2017 წელს გაანადგურეს.
• ნავალნის ბიომასალებში, სინამდვილეში, სამხედრო ქიმიური საშუალებით მოწამვლის კვალი არ არის – ის ვერ აღმოაჩინეს ვერც ომსკში ექიმებმა და ვერც გერმანულ კლინიკა „შარიტეში“. ის მხოლოდ გერმანელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს და ისიც ერთი კვირის შემდეგ.
• რუსეთში, ნავალნის მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის, საჭიროა პაციენტის ანალიზის შედეგები, რომელიც ამ მოწამვლას დაადასტურებს. გერმანია რუსეთს ამ მონაცემებს არ აძლევს, მხოლოდ განცხადებები კი საკმარისი არ არის.
• ნავალნის მოწამვლა – „სიუჟეტია“, მთელი სიტუაცია კი „ანტირუსული პროვოკაცია, რომელიც თავიდანვე დადგმულია“.
• რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე ოთხჯერ გაუგზავნა მოთხოვნა გერმანიას, წარმოადგინოს ნავალნის ანალიზის შედეგები და მასთან გასაუბრების საშუალება მისცენ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.
2020 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთი და გერმანია საწინააღმდეგო შინაარსის გაცხადებით გამოვიდნენ – მასში ნათქვამი იყო, რომ, თხოვნის მიუხედავად, რუსეთს ნავალნის მოწამვლის „არანაირი დამაჯერებელი ახსნა“ არ წარმოუდგენია.
ამიტომ, პარიზი და ბერლინი მიიჩნევენ, რომ ერთი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი: არსებობს მხოლოდ ერთი ახსნა – რუსეთის მონაწილეობა მოწამვლაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაუშვა, რომ საფრანგეთი და გერმანია ხელმძღვანელობენ ევროკავშირში „ანტირუსული კოალიციის“ ჩამოყალიბებას.