ნინოწმინდელ ქათმებს მელია ემტერება, კახური ლოკოკინები იტალიაში იყიდება, გორში ისევ სტალინს ადიდებენ. დაიჯესტი
გაზიარება
გაზიარება
რეგიონული მედიის დაიჯესტი
ადგილობრივების თქმით, რიკოთის მშენებლობის გამო ზესტაფონში სახლები ინგრევა
დაზიანებული სახლი ზესტაფონში. ფოტო: ქუთაისიპოსტი
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის გამო ზესტაფონში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. გამოცემა “ქუთაისიპოსტთან” ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში კედლები დაიბზარა, შენობები კი დეფორმირდა. პრობლემა განსაკუთრებით უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მათ სახლები გვირაბის მშენებლობის გამო ინგრევა.
“ჩემმა შვილებმა მთელი ბავშვობა შრომაში გაატარეს, დაავადდნენ”, – გორში ხუთშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს
მარგარიტა რევაზიშვილი. ფოტო: qartli.ge
გორში, კომბინატის დასახლებისი საერთო საცხოვრებელში მცხოვრები მარგარიტა რევაზიშვილი დახმარებას ითხოვს. მარგარიტა ხუთ შვილთან ერთად, ერთ ოთახში ცხოვრობს.
“ჩემმა შვილებმა მთელი ბავშვობა შრომაში გაატარეს. ამდენი ჯაფით დაავადდნენ. ერთს ხერხემალი აქვს დაზიანებული, მეორეს ფილტვები. ყველაზე პატარა ახლა ჯართის შესაგროვებლად არის წასული”, – ყვება ქალი გამოცემა Qartli.ge-სთან.
“ყველა მხრიდან გველები შემოდიან” – მარნეულში დედა-შვილი დანგრეულ სახლში ცხოვრობს
“კედლები დაშლილია. ყველა მხრიდან გველები შემოდიან. 230 ლარი პენსია მაქვს. ისიც არ ვიცი საჭმელზე დავხარჯო თუ წამალზე”, – მარნეულში, სოფელ კაჩაგანში მცხოვრები ოჯახი ითხოვს სოციალური დახმარება დაუნიშნონ.
დაშლილი კედლები, მინების გარეშე დარჩენილი ფანჯრები, ნესტიანი და მიწის იატაკის ოთახები – ასე აღწერს რადიო “მარნეული” იმ პირობებს, სადაც 63 წლის ამინა მიქიევა და მის 36 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.
ახალქალაქში სასაკლაო არ ფუნქციონირებს. მაღაზიებში საქონლის ხორცი უვნებლობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე იყიდება, სავაჭრო ობიექტების მფლობელები კი ირწმუნებიან, რომ ჯანსაღ პროდუქტს ყიდიან. გამოცემა SK News-თან ხორცის მაღაზიების მეპატრონეები ყვებიან, რომ ხორცი შემოწმების გარეშე არა მარტო მათთან, არამედ მთელს მუნიციპალიტეტში იყიდება.
ნინოწმინდის მცხოვრებლები ჩივიან, რომ მათ ქათმებს მელა შეეჩვია. რადიო Nor – თან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ მან დაინახა როგორ მიჰქონდა მელას ქათამი: “მივვარდი და დავაგდებინე. მაგრამ, მეორე დღეს ქათმები დახოცილი ვნახეთ”.
ხალხი ამბობს, რომ მელიები მათ ეზოებში შედიან. ზოგს უკვე ბავშვის სახლიდან გამოშვენის ეშინია.
სიღნაღელმა ფერმერმა ლოკოკინები ექსპორტზე იტალიაში გაიტანა
კომპანია “სნეილ გარდენმა”, რომელსაც არსებობის ჯერ ორწლიანი ისტორია აქვს, წელს ლოკოკინის პირველი მოსავალი მიიღო და ისინი ექსპორტზე იტალიაში გაიტანა. ლოკოკინების ფერმა კომპანიამ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ააშენა.
ამ ფერმაში სპეციალური ჯიშის ლოკოკინა მოჰყავთ. ეს ჯიში (ჰელიქს ასპერსა მიულერი), გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე პარფიუმერიაში.
“დიდება სტალინს”, – ამ ლოზუნგით აღნიშნეს გორში 9 მაისი “სტალინელებმა”. ისინი სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ. რადიო “მოზაიკა” წერს, რომ ტრადიციულად, მათ წელსაც მოითხოვეს გორში სტალინის ძეგლის დაბრუნება.