"[ივანიშვილი] ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორიც არასდროს წარმოედგინა" - რას წერენ ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები
რას წერენ ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორიც არასდროს წარმოედგინა. როგორც უილსონი წერს, პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად აჩვენა, სად დგას ის ამერიკის “თვითგამოცხადებული მტრების” მიმართ.
უილსონის განცხადებას სხვა კონგრესმენების და სენატორების განცხადებებიც მოჰყვა.
რას წერენ აშშ-ს სენატორები და კონგრესმენები
რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი:
“პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად აჩვენა, სად დგას ის ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდეს, როგორიც არასდროს წარმოედგინა.”
ამის შემდეგ ჯო უილსონმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა:
“კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე, ცდილობს, საქართველო დემოკრატიიდან დიქტატურად აქციოს. ჩვენ ამერიკა უნდა დავაპრიორიტეტოთ და საქართველოს ყველანაირი დახმარება შევუწყვიტოთ, თუკი ეს ასე მოხდება.“
“ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას” – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის პოსტს ეხმიანება, რომელშიც წერია, რომ კონგრესის ორპარტიული წევრები ქართველების გვერდით დგანან.
“ქართველი ხალხი 4 კვირის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მათი ხელისუფლების სახიფათო გზას. საქართველოს ოცნებაა შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. მივესალმები ხალხის შეუპოვრობას და ერთგულებას ნათელი მომავლის მიმართ – მიუხედავად გაჭირვებისა, რომელიც მათ გადაიტანეს” | წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში X-ზე.
“საქართველოს უნდა დაუწესდეს ამერიკული სანქციები #StandWithGeorgianPeople [ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით]” – წერს აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი.
ისტორიაში პირველად, საქართველოში, დასავლელი პარტნიორებისგან – ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ათობით ადამიანია დასანქცირებული.
სანქცირებულთა შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესმენები, კერძო პირები და “ქართული ოცნების” სხვა წევრები.
სანქციები მრავალფეროვანია.
110-ზე მეტ ადამიანს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო შეზღუდვა. ეს შეზღუდვა ეხება დასანქცირებული ადამიანების ოჯახის წევრებსაც. შესაბამისად, იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ვერ შეძლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობას, რამდენიმე ასეულია.
ასობით ადამიანი (ზუსტი სია არ არსებობს) ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტები, სანქციები დაუწესა ევროკავშირმა – ისინი ვეღარ შეძლებენ დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ მოგზაურობას.
6 ადამიანია ე.წ. მაგნისტკის სიაში – ეს არის მკაცრი ფინანსური სანქცია, რომელიც დასანქცირებული პირების მთელი ქონების, წილების და ფინანსების გაყინვას გულისხმობს. ამ ექვს ადამიანს შორის 4 მაღალი თანამდებობის მქონე პირი;
40-ზე მეტი პირი დასანქცირებულია ბალტიის ქვეყნების მიერ;
19 პირს დაუწესა პერსონალური სანქციები უკრაინამ
არაერთი ჩინოვნიკი ერთდროულად რამდენიმე სანქციების პაკეტშია. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი ვახტანგ გომელაური. ის მოხვდა ყველა ქვეყნის სანქციებში, არის მაგნიტსკის სიაშიც.
დასავლელი პარტნიორები ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციებს აწესებენ დემოკრატიისთვის ხელშეშლის, ადამიანის უფლებების დარღვევის, დეზინფორმაციის გავრცელების, კორუფციისა და დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი რეპრესიების გამო.