რას გვეუბნება საარჩევნო ციფრები - რით გამოირჩევა ყაზბეგი და რა საერთო აქვთ აბაშას და ვაკეს
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცნობილია – უკვე დათვლილია ბიულეტენების ასი პროცენტი. გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ” 46.47 პროცენტით, მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა” 30.68 პროცენტი და მესამეზე “გახარია საქართველოსთვის” 7.79 პროცენტით.
არჩევნების შედეგები სრულად ნახეთ აქ ან აქ.
JAMnews-მა გადახედა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და რამდენიმე საინტერესო მიგნება გამოავლინა:
_____________________________________________________________________________
● ქვეყნის მასშტაბით სულ 84 საარჩევნო ოლქია. აქედან პროპორციული წესით ოპოზიციამ მხოლოდ ოთხი მოიგო: რუსთავი და ასევე სამეგრელოს სამი ოლქი – ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი. დანარჩენ ოლქებში მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” ლიდერობს.
● საქართველოს ორ დიდ ქალაქში ბათუმსა და ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობა” ორ პროცენტზე ნაკლებით აგებს.
● ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან ვერც ერთში “ქართულმა ოცნებამ” 43 პროცენტიანი ზღვარი ვერ გადალახა. თბილისში 40.41 პროცენტი მიიღო, ბათუმში – 39.36%, რუსთავში 36.25%, ქუთაისში – 39.21%, ფოთი – 41.79%.
● მოსყიდვა, დაშინება, ამომრჩეველთა ნების კონტროლი – როგორი იყო არჩევნების დღე საქართველოში
● “ამომრჩევლები იმსახურებენ უფრო მაღალ სტანდარტს” – აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი არჩევნებს აფასებენ
● ოთხ ოლქში – ქუთაისში და ასევე სამეგრელოს სამ ოლქში – ზუგდიდში, სენაკში და წალენჯიხაში ოპოზიციური კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” უსწრებს “ქართული ოცნების” კანდიდატს. ხოლო ორ მსხვილ ოლქში რუსთავსა და თელავში ოპოზიციური კანდიდატი მხოლოდ ერთ პროცენტზე ცოტა მეტით აგებს სახელისუფლებო კონკურენტთან.
● საქართველოში ხუთი თვითმმართველი ქალაქია – თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი და ფოთი. ხუთივეში მერის არჩევნების მეორე ტური იქნება. მეორე ტური ჩატარდება ასევე 15 თვითმმართველ თემში, სადაც ასევე ვერ აირჩიეს მერი პირველ ჯერზე (ანუ, 50 პროცენტს პლუს 1 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა). ანუ, ჯამში მერის არჩევნების მეორე ტური 20 ოლქში გაიმართება. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ბაღდათი, თელავი, თიანეთი, ოზურგეთი, ქარელი, ცაგერი, წყალტუბო, ხაშური, ხელვაჩაური და ასევე სამეგრელოს ყველა ოლქი, აბაშის გამოკლებით – ფოთი, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი.
● ასევე, მეორე ტური გაიმართება რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც საკრებულოს დეპუტატის გამოვლენა ვერ მოხერხდა. (განსხვავებით მერებისგან, მაჟორიტარი დეპუტატისთვის აუცილებელი ბარიერი 40 პროცენტია). თბილისში, მხოლოდ საბურთალოს ოლქში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული მაჟორიტარი. აქ ვერც ერთმა კანდიდატმა 40 პროცენტზე მეტი ვერ მოაგროვა. საბურთალოზე მეორე ტურში გავიდნენ: “ქართული ოცნების” კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე და ოპოზიციიდან, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლება-ზურაბ ჯაფარიძის” წარმომადგენელი ბორის ყურუა.
● 30 ოლქში ქართულმა ოცნებამ 50 პროცენტზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო რვა ოლქში 60 პროცენტზე მეტი. ესენია: ახალქალაქი (76,27%), დედოფლისწყარო (62.58%), ბოლნისი (68.16%), ასპინძა (61.26%), საჩხერე (80.23%), ნინოწმინდა (84.03%), მესტია (61.54%), მარნეული (64.75%). ამ ოლქებს შორის, უმეტესობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ. საჩხერე ბიძინა ივანიშვილის მშობლიური მხარეა, დედოფლისწყარო – პრემიერ ღარიბაშვილის.
● რეგიონებში, სადაც უმეტესად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა დაბალია, ძირითადად მხოლოდ ორ პარტიას მისცეს ხმა – “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”. მაგალითად ადიგენში, მარნეულში და გარდაბანში სხვა პარტიებმა, მათ შორის გახარიას პარტიამაც, სამ პროცენტზე ნაკლები მიიღეს.
● ყველაზე მაღალი პროცენტით “ქართულმა ოცნებამ” ნინოწმინდაში გაიმარჯვა (84.03%). ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი კი, მმართველ გუნდს – გიორგი გახარიას მშობლიურ ქალაქში, ჩხოროწყუში და ასევე წალენჯიხაში აქვს. ორივე ოლქში 34 %. განსაკუთრებით დაბალი პროცენტი აქვს ოცნებას ასევე მარტვილსა და რუსთავში – 36 %.
● დედაქალაქში ყველაზე მაღალი პროცენტი “ქართულმა ოცნებამ” კრწანისში მიიღო (44%). ყველაზე დაბალი (38%) – ვაკეში და საბურთალოზე. სამაგიეროდ, ვაკესა და საბურთალოზე ბევრი ამომრჩეველი ჰყავს გახარიას. თბილისის მასშტაბით გახარიამ ყველაზე მეტი ხმა (10%-ზე მეტი) სწორედ ვაკესა და საბურთალოზე მიიღო.
● “ნაციონალურ მოძრაობას” პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს დმანისი 42 %. 40 პროცენტზე მეტი აქვს ასევე ამ პარტიას ახმეტაში (41%), ზუგდიდში (40%) და თელავი (40%),
ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს ნინოწმინდაში (5.52%), ყაზბეგში (6.56%) და საჩხერეში (6.82%)
● თბილისში “ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს გლდანში და სამგორში (თითქმის 33%). ყველაზე დაბალი – ვაკეში (22%).
● გამოკვეთილად პრორუსულ ძალას “პატრიოტთა ალიანსს”, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით 1.46 % დააგროვა, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბორჯომში ჰყავს (4.19%). ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსი” მესამე ადგილზე გავიდა და გიორგი გახარიას პარტიაზე მეტი ხმა დააგროვა. სამ პროცენტზე მეტი აქვს “პატრიოტთა ალიანს” კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში – ყაზბეგში, დუშეთში, კასპში და ონში.
● “ევროპულმა საქართველომ” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ხმა ხონში მიიღო – 14 პროცენტზე მეტი. ამ პარტიას სხვა პატარა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით კარგი შედეგი აქვს ასევე ჯავახეთის რეგიონში.
● ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ “გახარია – საქართველოსთვის” ყველაზე მეტი ხმა მიიღო ჩხოროწყუში (23.06% ). ზოგადად სამეგრელოში ამ პარტიას მაღალი შედეგი აქვს – ყველგან ორნიშნა მაჩვენებელი.
● “ლელოს” საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს ლენტეხში (7.05%). თბილისში კი ყველაზე მაღალი (5 პროცენტზე ცოტა მეტი) აქვს ვაკეში და საბურთალოზე.
● საქართველოს მასშტაბით, „ზურაბ ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლებას” ყველაზე მაღალი პროცენტი ვაკეში აქვს – 4.59%. მეორე გირჩს – აბაშაში.
● ყველა ოლქში, ძირითადად, ერთნაირი თანმიმდევრობა იყო პარტიების – პირველ ორ ადგილზე “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. მესამეზე – გახარიას პარტია. რამდენიმე ოლქში განსხვავებული სურათი იყო:
● ყაზბეგში რვა პარტიამ მიიღო სამ პროცენტზე მეტი, რაც იშვიათობაა. სამი პროცენტის გადალახვას სხვადასხვა ოლქში მაქსიმუმ ოთხი პარტია ახერხებს. ყაზბეგში მეორე ადგილზე “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ გავიდა (13.98). ასევე, რუსეთის მოსაზღვრე ამ რეგიონში სამ პროცენტზე მეტი მიიღო პრორუსულმა “პატრიოტთა ალიანსმა” და ფრიდონ ინჯიას “ევროპელმა სოციალისტებმა”.
● მეჭიაურის პარტია გავიდა მეორე ადგილზე მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში – თიანეთშიც.
● გარდა თიანეთისა და ყაზბეგისა, მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობა” ვერ გავიდა ასევე მხოლოდ ონში.
● გურია ერთადერთი რეგიონია (ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების გარდა), სადაც ყველა მუნიციპალიტეტში ოცნებას 50 პროცენტზე მეტი ხმა აქვს.
● სამეგრელო ერთადერთი რეგიონი, სადაც არც ერთ ოლქში ოცნებას 43 პროცენტზე მეტი არ აუღია.
● წალკაში მესამეზე გავიდა და გახარიას გადაუსწრო პარტია “პროგრესი და თავისუფლებამ”. ბიზნესმენების – კახა ოქროაშვილის და ცეზარ ჩოჩელის მიერ დაფუძნებულ პარტიას, აქ შვიდი პროცენტი აქვს. იგივე პარტია მესამეზეა დმანისშიც (3.31). ქვეყნის მასშტაბით ამ პარტიას 0.06 % აქვს.
● დედოფლისწყაროშიც გამოვლინდა განსხვავებული სურათი – აქ მესამეზე ასევე არა გახარია, არამედ მამუკა გიორგაძის “სახალხო პარტია” (4.26%) გავიდა. ქვეყნის მასშტაბით ამ პარტიას 0.24 % აქვს.
● აბაშაში მეოთხე ადგილზე გავიდა “გირჩი” (ზურა ჯაფარიძის არა, მეორე). ამ პარტიამ აქ 3.31% პროცენტი აიღო.
● მარტვილში მეოთხეზე “ევროპელი სოციალისტები” გავიდნენ. მათ აქ ექვს პროცენტზე მეტი მიიღეს. ქვეყნის მასშტაბით ამ პარტიას სულ
0.15 % აქვს. მარტვილი ამ პარტიის დამფუძნებლის, ფრიდონ ინჯიას მშობლიური რაიონია.