რა წესები იმოქმედებს არჩევნებზე კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღისთვის სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განმსაზღვრელი დადგენილება მიიღო.
დადგენილების თანახმად, კენჭისყრის შენობების შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის საშუალებები. საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ და კენჭისყრის შენობაში არ უნდა მოხდეს პირების დაშვება პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე.
• გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე – რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი
• რას ნიშნავს ეს არჩევნები? გია ნოდიას თვალსაზრისი
დადგენილება განსაზღვრავს კენჭისყრის შენობაში ზედაპირების დეზინფექციის, გამოყენებული ჰიგიენური ნივთების და კალმისტრების უტილიზაციის, და კენჭისყრის კაბინების მოწყობის წესს. ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით უზრუნველყოფას.
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა უნდა მოახდინოს ამომრჩეველთა შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა, არ დაუშვას სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა, მიუთითოს ამომრჩეველს, რომელ სარეგისტრაციო მაგიდასთან მივიდეს და უბნის დატოვების წინ უზრუნველყოს სადეზინფექციო სითხით ხელების დამუშავების შესაძლებლობა.
კენჭისყრის შენობის შესასვლელთან, შემსვლელ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამომრჩეველზე.
კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით.
ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს.
პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. ან თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა და სხვ.).