ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ოდნავ მშვიდდება
გაზიარება
გაზიარება
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ინდიკატორი იკლებს, განსაკუთრებით კი ბოლო 2 კვირის განმავლობაში – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“დეკემბრის დასაწყისში ერთ მილიონ მოსახლეზე, ახალი შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში და ზოგიერთ მომენტში, მსოფლიოშიც, ეს უკვე ჩამოსულია და ევროპაში ვართ მე-8 ადგილზე, მსოფლიოში სადღაც მე-12 ადგილზე.”
მისი თქმით, კოვიდის გამო ნაკლები მიმართვიანობაა 112-ში, ასევე ნაკლები მიმართვიანობაა პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მშვიდდება.
“მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს იმიტომ, რომ სიტუაცია შეიძლება ყოველთვის და ყოველ წუთს შეიძლება გამწვავდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით სავარაუდო ინფიცირების შემთხვევების შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარეობს დაკვირვება ერთ შემთხვევაზე და თუ დადასტურდება, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება.
“კორონავირუსის ახალი შტამი არ არის უფრო აგრესიული, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ის ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება”, – ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, საქართველოში არ იგეგმება სრული ჩაკეტვა და მკაცრი ლოქდაუნი, ხოლო დღეს არსებული შეზღუდვები აუცილებლად გაგრძელდება, რადგან “თუ მოვუშვით შეზღუდვები, მაშინ შეიძლება ინფიცირების მაჩვენებელი 5 000-ზე ავიდეს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.”
____________________________
28 დეკემბერს საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი.
● სულ საქართველოში დადასტურებულია 222 143 შემთხვევა აქედან: ● გარდაცვლილი – 2 418 ● გამოჯანმრთელებული – 206 313 ● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 13 386