ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ბათუმელი ქალის ოჯახის 5 წევრს covid-19 დაუდასტურდა, მათგან ერთ-ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ცენტრი ამ დროისთვის დაკეტილია და იქ ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
8 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 46 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
ბათუმში კორონავირუსი 60 წლის ქალს გუშინ დაუდასტურდა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. მედიკოსებმა კორონავირუსზე შეამოწმეს მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. მათგან 5-ს, მათ შორის მის მამას და შვილს, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ეპიდემიოლოგებმა გაარკვიეს, 60 წლის ქალის მამა ფილტვების ანთების დიაგნოზით ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
გაირკვა ისიც, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში. იქ ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. სოფელში თვითიზოლაციაში იმყოფება უკვე 14 ადამიანი. დღის ბოლოს, როცა ეპიდემიოლოგები მუშაობას დაასრულებენ, გაირკვევა, გამოცხადდება თუ არა კარანტინი სოფელ გვარაში, სადაც 1089 ადამიანი ცხოვრობს.
60 წლის ქალმა კლინიკას მუცლის ტკივილის და დიარეის გამო 4 აპრილს მიმართა. ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ში მას მხოლოდ მუცლის ტკივილზე უმკურნალეს და იმავე დღეს ბინაზე გაწერეს. 5 აპრილს მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა და სამედიცინო ცენტრ “მედინაში” გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგებმა ამ დროისთვის 60 წლის კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი 37 ადამიანი მოიძიეს. აქედან 17 მედპერსონალია, დანარჩენები კი ოჯახის წევრები და მეზობლები არიან. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.
ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსით 14 ადამიანია ინფიცირებული.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- “რომ გამოვალ, ჩემს ცოლს ვაკოცებ”. შვიდი ამბავი კარანტინიდან
- კორონავირუსი კავკასიაში: განახლებადი
- საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა: შეზღუდვები ეკლესიაზე არ ვრცელდება
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.