"ქართული ოცნება" 27 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას გამართავს
გაზიარება
გაზიარება
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე თბილისში მხარდამჭერთა შეკრებას აანონსებს.
პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერთა დასკვნითი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართება.
“ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბება, რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, მმართველ პარტიას 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა 47%-მა გამოუცხადა ნდობა, რაც თითქმის ყოველი მეორე ამომრჩეველია. კობახიძის განმარტებით, სწორედ ეს აძლევს ხელისუფლებას ახალ იმპულსს და პასუხისმგებლობას, “იზრუნონ ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში.”
მმართველი პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ გაცილებით მეტი ადამიანი მოვა თბილისში „ქართული ოცნების“ აქციაზე, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე იყო, რომელიც 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.
ირაკლი კობახიძე ამბობს იმასაც, რომ 27 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული აქცია არ არის ენმ-ის აქციის საპირწონედ დაგეგმილი შეკრება.
“რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, ეს არის კონტრაქცია თუ რეალური აქცია“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციას წინ ინციდენტები უძღოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან აქციაზე თბილისისკენ მიმავალ კოლონებს “ქართული ოცნების” პარტაქტივმა გზა გადაუკეტა და ცოცხები დაუშინა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” 27 ოქტომბრის აქციისთვის მასობრივად აორგანიზებს ხალხს საჯარო სამსახურებში და აიძულებს მათ, მინიმუმ ხუთი ადამიანი წაიყვანონ თავისუფლების მოედანზე.
2 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხმების 46.47 პროცენტი მოაგროვა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 30.68 პროცენტი. მესამეზე ადგილზე 7.79 პროცენტით გავიდა ყოფილი პრემიერის პარტია “გახარია საქართველოსთვის.”
ძირითად თვითმმართველ ქალაქებში კი მეორე ტურები ჩაინიშნა (მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში და თელავში), სწორედ მეორე ტურებისთვის ემზადება ოპოზიცია და ხელისუფლება 30 ოქტომბერს.