პუტინი და ერდოღანი სირიაში ზავის შესახებ შეთანხმდნენ
გაზიარება
გაზიარება
სირიაში, იდლიბის პროვინციაში, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 6 მარტს, 00:00 საათზე შევა, განაცხადა მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
კრემლში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები 5 საათი და 40 წუთი გაგრძელდა – აქედან სამი საათი, საუბარი პირისპირ ფორმატში წარიმართა, წერს ВВС.
შედეგად გამოცხადდა:
იდლიბში, 12-კილომეტრიანი უსაფრთხოების დერეფანი შეიქმნება დამასკო-ალეპოს სტრატეგიული მაგისტრალის გასწვრივ
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 6 მარტს, შუაღამისას შევა
რუსეთისა და თურქეთის ურთიერთშეთანხმებით გამაგრებული სადამკვირვებლო პოსტები შეიქმნება
რუსეთისა და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებების დასაწყისში, შეხვედრის მასპინძელმა, პრეზიდენტმა პუტინმა დაასახელა მთავარი პრობლემა, რომელმაც პირადი საუბარი გახადა აუცილებელი: ბრძოლა სირიაში, იდლიბის პროვინციაში, სადაც, ერთი შეხედვით, ერთმანეთს ბაშარ ასადისადმი ლოიალურად განწყობილი სირიის სამთავრობო არმია და აჯანყებულები (რომელთაც რუსეთის სახელმწიფო ტერორისტებად მოიხსენიებს) ებრძვიან; ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ დაპირისპირებაში აქტიურად არიან ჩართული თურქი და რუსი სამხედროები. ასადის არმიას, რომელსაც აქტიურად უჭერს კრემლი მხარს, იდლიბში, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილში ადანაშაულებენ. პირველი დეკემბრიდან დაბომბვა გაძლიერდა და, გაეროს შეფასებით, დაახლოებით, 950 ათასმა დევნილმა დატოვა სირიის ეს ნაწილი.
ჰქონდათ თუ არა პუტინსა და ერდოღანს შანსი, ამ მოლაპარაკებებზე რაიმე დიდისთვის მიეღწიათ? წამყვანი რუსი პოლიტოლოგი, სერგეი შელინი მიიჩნევს, რომ არა. ორი პრეზიდენტის შეხვედრის წინ, მან დაწერა:
„ერდოღანმა ზუსტად იცის, რა სურს სირიაში, პუტინმა კი – მხოლოდ ის, რაც არ სურს. იმედი იმისა, რომ ისინი თავს აარიდებენ ომის დაუყოვნებლივ დაწყებას, არსებობს, ხოლო იმისა, რომ ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწევენ – არა“.