"ისტორიის, ქვეყნის, სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი" - პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აფასებენ
პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აფასებენ
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურებიან, სადაც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ აგვისტოს ომში არა რუსეთი, არამედ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.
ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა.
“12 წელი გავიდა. სწორედ ეს დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ ნაციონალურ მოძრაობაზე, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი.
ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.
დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი.
პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის.
საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ელენე ხოშტარია, პარტია “დროა”: “რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გორში იკადრა, ეს არის საკუთარი ისტორიის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ამას აკეთებენ მხოლოდ მტრები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველ ხალხზე შანტაჟი, დაშინება და მსგავსი ტყუილები, არა თუ არ მოქმედებს, პირიქით, გვაერთიანებს. გვაერთიანებს ღირსება, გვაერთიანებს ჩვენი ისტორია და გვაერთიანებს, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი, რომელიც იქნება ევროპული, უსაფრთხო, მშვიდობიანი.
შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი საქართველოში, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილი. მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის არჩევანი გაკეთებულია. მსგავსი უღირსი განცხადებებით მხოლოდ თავის თავს აზიანებს. ჩვენ ვართ ძლიერები, ერთიანები, ღირსეულები, ეს არაერთხელ ვაჩვენეთ და 26 ოქტომბერს იმავეს ვიტყვით უკვე არჩევნებზეც.”
ნიკა გვარამია, პარტია “ახალი”: “გუშინ საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ისტორიის გაყალბების მცდელობა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ჩვენი ძმების სისხლი დავღვარეთ, იყო ტყუილი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ, ერზე ეძალადა და დავეტერორებინეთ იმ მუქარებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთ პოლიტიკურ ტექნოლოგიად იყენებს. საერთოდაც, ადამიანების დაშინებას, ჩვენს ისტორიულ ტრაგედიებს, ისტორიულ ტყუილებს ჩვენს წინააღმდეგ, როცა პოლიტიკურ ტექნოლოგიად იყენებ, როცა შენი ერის მდგომარეობა შენთვის სრულიად უმნიშვნელოა და მთავარი არჩევნებში გამარჯვებაა, არ შეიძლება იყო ქვეყნის პირველი პირი.
დღეს მერაბმა [დვალიშვილმა}, ისევე როგორც ფეხბურთელებმა და ოლიმპიელებმა, კვლავ დაამტკიცა, ჩვენ ვართ ღირსეული, წარმატებული ერი. ჩვენ ამ წარმატებაზე, ღირსებაზე და ჩვენს უფლებაზე ვისწრაფოდეთ ბედნიერებისკენ და ერთადერთ გზაზე, რომელიც ამას მოგვიტანს (ეს არის ევროპული გზა), უარს არ ვიტყვით. სამაგიეროდ, უარს ვიტყვით ყველაფერზე, რაც ლახავს ჩვენს ღირსებას, რაც უკავშირდება წარსულს და განსაკუთრებით, მის გაყალბებას და რაც არ არის მომავალში.
ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ვფიქრობთ, რომ უნდა ვისაუბროთ ჩვენს ღირსებაზე, წარმატებაზე, ბედნიერებაზე და მომავალზე. ბიძინა ივანიშვილი მიგვათრევს უკან, რუსეთისკენ და ჩვენი ტრაგედიებისკენ. ჩვენ არ ვართ ტრაგედიების ერი, ჩვენ გამარჯვებული და წარმატებული ერი ვართ. ჩვენ გვინდა ბედნიერების მოპოვება და მას მოვიპოვებთ.”
თამარ კორძაია, “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა”: მან ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა სამხედროს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქვეყნისთვის ასეთი სირცხვილის ჭმევისთვის. ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული სირცხვილი აჭამა მთელს საქართველოს. არ ვიცი, როგორ იცხოვრებს ამ სიტყვების შემდეგ. გუშინ, მთელი დღეა ვხედავთ სოციალურ ქსელში გამწარებულ ადამიანებს, რომლებიც ანწუხელიძის გმირობას აზიარებენ, ძალიან შეურაცხყოფილები არიან. ბოდიში ეკუთვნით სამხედროებს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ რუსებისგან საქართველოს დასაცავად“,- აღნიშნა კორძაიამ.
გარდა ამისა, მან სენატორ ჯინ შაჰინის მიერ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუზეც ისაუბრა. სადაც ის განმარტავს, რომ კობახიძემ მასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს „ენჯეოების“ მხარდაჭერა.
როგორც კორძაიამ განმარტა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ და ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა.
„ალბათ, არ იცის კობახიძემ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტნიორებს უწევთ იმის თქმა, რომ მარტო არ იყვნენ და სხვების ისმენდნენ კობახიძის ამ მოთხოვნებს პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ. ძალიან მძიმეა. ეს აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს. კობახიძე არ იქნება წარმომადგენელი.“
ზურაბ ჭიაბერაშვილი, “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა”: “მან შეურაცხყოფა მიაყენა ანწუხელიძეს, ჟიული შარტავას, „შინდისის“ გმირებს, ათეულობით და ასეულობით ქართველ გმირს, რომელიც ღირსეულად იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო.
“ქართული ოცნება“ არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ საქართველოა დადანაშაულებული, ეს არის უზარმაზარი ბზარი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ეს არის ის, რაც უნდა მოსკოვს-საქართველოს დანაწევრება, დაშლა და დაქუცმაცება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხს აგებს ამ უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის. ამ პასუხს აგებს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის წინაშე. ქართველი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ასეთმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნის მართვა გააგრძელოს და ბღალოს ჩვენი გმირების სახელი.“
მამუკა ხაზარაძე, პარტია “ლელოს” ლიდერი: “საქართველოში ყველა ომი რუსეთის ხელით დაიწყო!
ბოდიში ჩვენს გმირ ბიჭებთან გვაქვს მოსახდელი, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს! ასევე ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს შვილებს ბიძინას რუსული ხელისუფლების აქამდე ატანისთვის!
26 ოქტომბერს “რუსულ ოცნებას” გავუშვებთ, რის შემდეგაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს.