პენ ცენტრი იუნესკოს მიმართავს, ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი მოუხსნას
გაზიარება
გაზიარება
პენ ცენტრი ელისო ბოლქვაძეზე იუნესკოს მიმართავს
ქართველი მწერლები და გამომცემლები იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის მიმართავენ, დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი მოუხსნას. საქართველოს პენ ცენტრის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელისო ბოლქვაძე, როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის (Artist for Peace) სტატუსს, რომელსაც ის 2015 იუნესკოს ეგიდით წლიდან ატარებს. წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს.
პენ ცენტრის განმარტებით, 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია პიანისტი ელისო ბოლქვაძე და ის ყოველდღიურად წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედს, მათ აწმყოს და მომავალს. მათივე თქმით, 7 მარტს მან პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა “აგენტების შესახებ” კანონპროექტს და “ასე უღალატა სამშობლოს, თავის ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სხვადასხვა” წლებში საკუთარ თავზე გამოუცდია რუსული აგრესია.
“რომელსაც ჯერ 1992-93 წლებში, შემდეგ კი 2008 წელს საკუთარი სახლის დატოვება და თავისსავე ქვეყანაში დევნილად ქცევა მოუწია. საქართველოს მოქალაქეებმა რუსულ სამხედრო შენაერთებთან ბრძოლაში სხვადასხვა დროს დაკარგეს ოჯახის წევრები – მშობლები, და-ძმები და შვილები, დათმეს ყველაზე მთავარი – საკუთარი სიცოცხლე. შეუფასებელია ის ზიანი, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ მათ წლების განმავლობაში მიაყენა.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ როლში მისი მიზანი მსოფლიო მოსახლეობის მშვიდობიან, ცივილიზებულ თანაარსებობაზე ზრუნვა უნდა იყოს, რასაც სრულიად ეწინააღმდეგება მისი პოლიტიკური საქმიანობა, ამის ნათელი დასტური კი ანტისახელმწიფოებრივი, მტრის მიბაძვით დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერაა” – ვკითხულობთ წერილში.
აღსანიშნავია, რომ პეტიციას ავრცელებენ რაგბის გულშემატკივრებიც, რომლითაც მოითხოვენ, დატოვოს პარლამენტის დეპუტატმა და “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული“ხალხის ძალის” წევრმა, დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი. მათი თქმით, რაგბის კავშირის გამგეობის ხელმძღვანელი “არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში”.
რაგბის გულშემატკივრების განმარტებით, კაჭარავა არ უნდა განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.