პარლამენტმა ჯაფარიძეს, ნათელაშვილს და ხოშტარიას მანდატები შეუწყვიტა
პარლამენტმა დეპუტატებს მანდატები შეუწყვიტა
საქართველოს პარლამენტმა სამ დეპუტატს – ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა: 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი.
ელენე ხოშტარიამ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა თავად მოითხოვა მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაასახელა.
პარტია “ლელოს” ლიდერები და TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენი და ტელეკომპანია TVპირველის დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ 12 იანვარს ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.
“ლელოს” ლიდერები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, დანაშაული არ არსებობს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა. ასევე, მან მიმართა ბიძინა ივანიშვილს და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლობას ამ ქვეყანაში.
● ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს – ლეიბორისტების ლიდერს პარლამენტმა არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენისთვის შეუწყვიტა მანდატი.
ნათელაშვილმა საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ, 10 თებერვალს გადაწყვიტა, რომ პარლამენტში შესულიყო, თუმცა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.
● ყოფილი პრემიერი, მოქალაქე, მილიარდერი. ივანიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან
● უნდობლობა სასამართლოს მიმართ და ანაკლიის პორტი – რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
ლეიბორისტების ლიდერის თქმით, ბრძოლა ახლა იწყება, ხოლო პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის მოხსნას უსამართლობად და კანონის გათელვად აფასებს.
“სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება. ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და, შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ – არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.” – წერს მამუკა ხაზარაძე პირად ფეისბუქ გვერდზე.
თავად ბადრი ჯაფარიძის თქმით, პირველად მას უფლებამოსილება შეუწყვიტა სახელმწიფო გადატრიალებამ [ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყო}, ხოლო მეორედ – მიტაცებულმა სახელმწიფომ.
“მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის შედეგი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო არის მიტაცებული. შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება არის უსამართლო, უკანონო და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო.” – ამბობს ჯაფარიძე.
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
“დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!” – წერს პრეზიდენტი ფეისბუქზე.