ახალი წესის თანახმად, ორმაგი (აფხაზეთის და რუსეთის) მოქალაქეობის მქონე აფხაზებს რუსეთში შესვლა მხოლოდ რუსული პასპორტით შეეძლებათ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულტაციებს მართავს შესაბამის რუსულ უწყებებთან, რათა აფხაზური პასპორტით საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა აღადგინოს.
აფხაზეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მეორე მოქალაქეობა, ყველაფერი უცვლელად რჩება.
აფხაზური პასპორტი საერთაშორისო დონეზე აღიარებული არ არის, და აფხაზეთის მოქალაქეთა უმეტესობას ასევე აქვს მეორე, რუსეთის მოქალაქეობა. აფხაზური პასპორტით მათ აქამდე მხოლოდ რუსეთში შეეძლოთ გამგზავრება.
თუმცა, ახალი რეგულაცია მხოლოდ აფხაზებს არ შეეხება — ის ეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონე რუსეთის ყველა მოქალაქეს. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ორი ან მეტი პასპორტი, განიხილებიან მხოლოდ რუსებად, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა. მათი მეორე ან მესამე მოქალაქეობა „არ ითვლება“.
ფაქტმა, რომ რუსეთი “არ აღიქვამს” მათ აფხაზურ პასპორტს, ყველაზე მეტად აღაშფოთა აფხაზეთის მცხოვრებლები. ის ფაქტი, რომ ახალი კანონი მარტო მათ კი არ ეხება, არამედ ყველას, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მათ არანაირად არ ამშვიდებს.
უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აფხაზური პასპორტის მქონე პირები რუსეთის საზღვარზე არ გაატარეს.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ სცადა საზოგადოების დამშვიდება და გამოთქვა იმედი, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა და მალე ყველაფერი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.
მან აღნიშნა, რომ საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი რეგულირდება 2008 წელს გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლას. ამ შეთანხმების თანახმად, აფხაზეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საზღვარი გადაკვეთონ პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტით — ან აფხაზური, ან რუსული პასპორტით.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო