„თუ არ მოგწონთ, არ მოგწონთ“: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის მესამე დღე
პარტიების აკრძალვის საქმე
23 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვის მესამე დღე გაიმართა. სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“. ქვემოთ მესამე დღის მთავარი ამბები და განცხადებებია თავმოყრილი.
დღე „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობებს დაეთმო და სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა. სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის ერთი შუამდგომლობაც არ დაკმაყოფილებულა.
განხილვა 26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, განახლდება და სხდომები მთელი კვირა გაგრძელდება. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს ვადა.
ერთი კვირა თუ ერთი თვე
● „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ სასამართლოს განხილვის ერთი თვით გადადება სთხოვა. მისი თქმით, რეგლამენტი შესაგებლის მოსამზადებლად ვადას ითვალისწინებს, პარტიას კი 13 ოქტომბრიდან ზეპირ მოსმენამდე, 21 ოქტომბრამდე, მხოლოდ შვიდი დღე ჰქონდა. ეს, სიჭინავას თქმით, სამართლიანი პროცესის პრინციპს არღვევს. შუამდგომლობას „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ შეუერთდნენ.
● მოსარჩელე მხარე, საპარლამენტო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, წინააღმდეგი იყო. მისი თქმით, არც რეგლამენტი, არც ორგანული კანონი და არც კონსტიტუცია არ ადგენს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საქმის განხილვას აფერხებს. პლენუმმა ითათბირა და შუამდგომლობა ერთხმად არ დააკმაყოფილა. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განმარტებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა საქმის განხილვას ხელს არ უშლის.
● გადაწყვეტილებას მოპასუხეების უკმაყოფილება მოჰყვა. სიჭინავამ თქვა: „გაჭიანურების მიზანი რომ მქონოდა, უამრავ შუამდგომლობას დავაყენებდი“. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, „სარჩელი წარმოებაში მიღებამდე არის მაკულატურა“. ნადარაიამ უპასუხა, რომ მოთხოვნა უფრო ადრე უნდა დაეყენებინათ, რადგან განხილვა უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს, და დაამატა: „თუ არ მოგწონთ, არ მოგწონთ, რა გავაკეთო?!“
● მოსამართლე ევა გოცირიძემ თქვა, რომ პარტიას სარჩელის გასაცნობად ერთი კვირა ჰქონდა, მაგრამ სასამართლოს შთაბეჭდილებით, ის კარგად არის მომზადებული. გოცირიძემ შეახსენა, რომ სარჩელი დიდი ხნის წინ შევიდა, „გახარია საქართველოსთვის“ კი მოპასუხედ მოგვიანებით დაემატა. მისი სიტყვებით, პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება: „ის ერთი თვე, რომელიც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, გექნებათ“.
მოსამართლე მეთოფიშვილის აცილება
● ამავე პარტიის გუნდმა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილება მოითხოვა. პლენუმმა ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა. მეორე დღეს „გახარია საქართველოსთვის“ ითხოვდა, მოსარჩელეს დაეკონკრეტებინა, რაში ედება ბრალი თითოეულ პარტიას. ამ შუამდგომლობის განხილვისას მეთოფიშვილმა თქვა: „ჩემთვის პირადად, გასაგებია სარჩელი, სარჩელში რაიმე გაუგებარი ჩემთვის არ არის“.
ივანიშვილი და კობახიძე მოწმეებად
● სიჭინავამ მოწმეებად ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა ბახტაძის, ვახტანგ გომელაურისა და გრიგოლ ლილუაშვილის დაკითხვა მოითხოვა. არგუმენტად მან 2019 წლის ჩორჩანას ამბავი მოიყვანა. მისი თქმით, ივანიშვილი, კალაძე და სხვები მაშინდელ გადაწყვეტილებას არ გამიჯვნიან.
მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლილუაშვილის, წერილში ეწერა, რომ საგუშაგო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, დაახლოებით 240 მეტრში, აშენდა.
მოსარჩელე პარტიის აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსაც ასახელებს. სიჭინავას თქმით, „20 ივნისი არის საკითხი, რომელზეც საზოგადოება ვერ თანხმდება“. მან დაამატა, რომ პროტესტი გულწრფელი იყო, პარლამენტში შეჭრის მცდელობა კი მიუღებელი.
● სიტყვის დროს სიჭინავას „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი აწყვეტინებდა. ნადარაიამ ორივე გააფრთხილა: „ბატონო თენგიზ, მოგიწოდებთ წესრიგისკენ“. შარმანაშვილის დარბაზიდან გაძევების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
● მოწმეებისა და მტკიცებულებების მოთხოვნას გორდულაძემ ასე უპასუხა: „მოგეხსენებათ პატივცემულო მოსამართლეებო, რომ ბატონი გიორგი გახარია ამჟამად არის ძებნილი“.
მისი თქმით, გახარიას მიმართ ორი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და ამ საქმეების მასალები საკონსტიტუციო სასამართლოში არ უნდა იქნეს შესწავლილი. სასამართლოს არც ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილებია.
„ქართული ოცნების“ პოზიცია
● სხდომის დაწყებამდე გორდულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციის განცხადებები სარჩელს აძლიერებს:
„ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს“. ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის მოთხოვნაზე თქვა, რომ ოპოზიციის აზრით, თითქოს „უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა“ საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთ იცის.
ხუთი პარტიის ერთ სარჩელში გაერთიანების კრიტიკას გორდულაძემ ასე უპასუხა: „ნაცმოძრაობა შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან“.
● თენგიზ შარმანაშვილის თქმით, „ჩვენს ოპონენტებს უნდათ დროის გაჭიმვა“. მისი აზრით, ოპოზიცია შუამდგომლობებს განზრახ ისე აყენებს, რომ მათი დაკმაყოფილება შეუძლებელი იყოს, და ღელავს, რადგან სერიოზული მტკიცებულებების არსებობა იცის:
„არაფერი რომ არ იყოს, ძალიან მშვიდად იქნებოდნენ“. სხდომის შემდეგ გორდულაძემ თქვა, რომ ოპოზიცია უარყოფილ შუამდგომლობებს სტრასბურგისთვის აგროვებს და „საერთოდ არც ერთი პარტია არ არის მზად იმისათვის, რომ სამართლებრივად იმსჯელოს“.
სასამართლოს გარეთ
● 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წერილით მიმართა. მისი თქმით, თუ სასამართლოში 4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება, ის მზადაა ჩვენება მისცეს:
„მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად“. ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიები 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში უსამართლოდ ბრალდებულნი არიან: „4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე“. მან ოპოზიციას მოუწოდა, მისი დაკითხვის შუამდგომლობა დააყენონ.
● „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ოპოზიციის დღეები დათვლილია“, სასამართლოზე ზეწოლად შეაფასა. მისი თქმით, ეს სასამართლოსთვის პირდაპირი მითითებაა, რა გადაწყვეტილებას ელის ხელისუფლება: „ვინ მისცა მას უფლება გადაწყვიტოს, მოქალაქეს როგორი პოლიტიკური პარტიის არჩევა უნდა?!“
შეფასებები
● „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ლევან ბეჟაშვილის თქმით, „საკონსტიტუციო სასამართლოს დირექტივა აქვს მიღებული“. ბეჟაშვილის თქმით, სასამართლომ უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის მოწმედ დაბარებაზეც და თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღებაზეც. ეს დასკვნა სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ბეჟაშვილი კი მას პოლიტიკურ და არა სამართლებრივ დოკუმენტად მიიჩნევს.
● „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის შეფასებით, „მთელი ეს პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება“. მისი თქმით, პარტია სარჩელში „აბსოლუტურად ხელოვნურად“ მოხვდა, მოსარჩელემ კი ჯერაც ვერ თქვა, კონსტიტუციის რომელი მუხლი დაარღვია პარტიამ.