ოლექსი არესტოვიჩი: რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას აბსოლუტურად პრორუსული კურსი აქვს
გაზიარება
გაზიარება
ოლექსი არესტოვიჩი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს აბსოლუტურად პრორუსულ კურსი აქვს. როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით კვდება და ამაში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა. ამის შესახებ არესტოვიჩმა გადაცემაში Фейгин Live ისაუბრა.
“ის ავად არის, ნელი სიკვდილით კვდება. თუ ის ციხეში მოკვდება, ყველა იტყვის, რომ მათ [საქართველოს ხელისუფლებამ] მოკლეს, ეს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება –პროვოკაციების, მასობრივი არეულობის, რევოლუციის დონემდე და ა.შ. ასე თუ არ მოხდა, ეს გავლენას არჩევნებზე მაინც მოახდენს”. – განაცხადა არესტოვიჩმა.
პრეზიდენტის მრჩევლმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სააკაშვილის სიკვდილს ექნება შესაბამისი რეაქცია დასავლეთისგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მისივე თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ხელს ის უშლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას კრემლის ეშინია:
“ჩნდება კითხვა: ვისი ეშინიათ [საქართველოს ხელისუფლებას] ასე? პასუხი ძალიან მარტივია – ვისიც მალე სომხეთსაც აღარ შეეშინდება ან უკვე აღარ ეშინია.”
როგორც არესტოვიჩმა დასძინა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რუსეთმა ქვეყანას უამრავი უბედურება მოუტანა, საქართველოს ხელისუფლებას მაინც ეშინია აღნიშნოს ის, რომ პუტინი ოკუპანტია.
20 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს მოუწოდა “ლმობიერება გამოიჩინონ” პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და იგი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანონ. მისი თქმით, რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა და ეს საქართველოს არ შეეფერება
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ზელენსკის ამ მოწოდებაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის “გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია” და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა უზრუნველყვეს “უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი.
ამჟამად უკრაინის მოქლაქე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე წელიწადზე მეტია საქართველოში პატიმრობაში იმყოფება. საქართველოში ის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს კი თბილისში დააკავეს.
2018 წელს სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე გაასამართლეს (სანდრო გირგვლიანის მკლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე) და ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
საქართველოს მესამე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება. სააკაშვილი საკუთარ სასამართლოს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად 22 დეკემბერს ჩაერთო. მას სურდა, რომ სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებისთვის უკრაინულად მიემართა. საბოლოოდ, სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა თავი ცუდად იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა, ხოლო პროცესი მის გარეშე დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა.