ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ სამი რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე საუბრობს. ასევე, რეზოლუცია გმობს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას.
“უმკაცრესად ვგმობთ გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ აგრესიულ ომს, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რომლებიც რუსეთიდან მომდინარე ყოველდღიურ და ღია მუქარას წარმოადგენს, როგორც ალიანსის უსაფრთხოების მიმართ, ისე ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.
ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზა ააშენოს, რომელიც განთავსებულია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც შავი ზღვის რეგიონში შემდგომი დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის.
მხარს ვუჭერთ, რომ კვლავ დადასტურდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება NATO-ს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, როგორც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილი.
ასევე სწრაფად უნდა მოხდეს საჭიროებებზე მორგებული პაკეტის იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებშიც გამოიხატება საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა, ასევე აქტიურად გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გარდა ამისა მისი მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის გადადგმულ ნაბიჯებში, რომლებიც ჩატარებულ რეფორმებში აისახება”, – წერია ალიანსის მიერ მიღებულ ერთ-ერთ რეზოლუციაში.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედია Известия-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა.
ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია”. – ამბობს ბჟანია.
აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ასლან ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება “დღეს არ იყო მიღწეული” და გადაწყვეტილება წინა, ერთობლივ შეხვედრებზე მიიღეს.
მისივე თქმით, აფხაზეთისთვის ეს არის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების განხორციელების მაგალითი.
საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით “შეშფოთებას” გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.