“მთავარი არხის” დამფუძნებლის და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას “თავისუფლების მოძრაობამ” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის სახელზე ოფიციალური წერილი შეიტანა და მისი შეწყალება კიდევ ერთხელ მოითხოვა. როგორც მოძრაობაში აცხადებენ, მიუხედავად პრეზიდენტის პირადი შეხედულებებისა, მან სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გვარამია გაათავისუფლოს.
“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის სახელით ჩვენ შევიტანეთ წერილი პრეზიდენტის სახელზე, რომლითაც კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენს დასაბუთებას და ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია. თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი.
მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მიუხედავად თავისი პირადი შეხედულებების ამ საქმესთან დაკავშირებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.” – განაცხადა გვარამიას “თავისუფლების მოძრაობის” წევრმა, ბაჩანა შენგელიამ.
ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
“მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმე მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშიც. დოკუმენტის ქვეთავებში, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებსა და გამოხატვის თავისუფლება ეხება, საუბარია მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.
თეთრი სახლი Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვარამიას საქმემ გამოავლინა “მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში”, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას.