სებ-ი: ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი ქართული კომპანია ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ არ ყოფილა
გაზიარება
გაზიარება
ბრიტანეთის სანქციები
საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აცხადებს, რომ სამი ქართული კომპანია, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის ბრალდებით დაასანქცირა, სებ-ის მიერ რეგულირებული სუბიექტები არ არიან. ბანკის განმარტებით, კომპანიები რეგისტრაციის გარეშე მოქმედებდნენ და ამიტომ ეროვნულ ბანკს მათზე ზედამხედველობის მანდატი არ ჰქონდა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, უნებართვო საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში სებ-ი სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობს და კონკრეტულ შემთხვევაშიც შესაბამისი ინფორმაცია უკვე გადაცემული აქვს.
მათივე ცნობით, 2025 წლის სექტემბერში სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა მონაცემები რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ და “განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები“.
ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც.
განცხადებაში ეროვნული ბანკი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
ამასთან, სებ-ი მიუთითებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის, Moneyval-ის 2024 წლის შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო FATF-ის მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით “largely compliant“-ის (ანუ რეკომენდაცია ძირითადად შესრულებულია, მხოლოდ მცირე ან საშუალო ხარვეზებით – JAMnews) სტატუსს ფლობს. იგივე შეფასება აქვთ, სებ-ის განცხადებით, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთსაც.
სებ-ის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლონდონმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების ფარგლებში სამი საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასახელა. ბრიტანეთის მთავრობის თქმით, ახალი პაკეტი მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ქსელებისა და ჩრდილოვანი ფინანსური სისტემების შეზღუდვას, რომლებსაც მოსკოვი საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად იყენებს.
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიებს შორისაა თბილისში რეგისტრირებული AIFORY LLC, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის ფინანსური სექტორის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. კომპანიის მიმართ შეიზღუდება საბანკო ურთიერთობები და გადახდების დამუშავება. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია 2023 წლის ივნისში გიორგი ნუცუბიძემ დაარეგისტრირა. მისი იურიდიული მისამართი თბილისის თავისუფალ სამრეწველო ზონაში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
იმავე მისამართზეა რეგისტრირებული ARVIX LLC-ც, რომელიც, ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, დაკავშირებული იყო რუსულ კრიპტობირჟებთან, Garantex-თან და Grinex-თან. სანქციების ფარგლებში კომპანიას ინტერნეტმომსახურების შეზღუდვები შეეხება. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია დავით ნუცუბიძემ 2023 წლის ოქტომბერში დააფუძნა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა RAPIRA GROUP LLC-ც, რომელიც, ლონდონის განცხადებით, რუსეთის მთავრობისთვის ფინანსური მომსახურების გაწევით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უთხრიდა ძირს. კომპანია ქუთაისშია რეგისტრირებული და მისი დამფუძნებელი ილიას აჰაევია. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას საბანკო ოპერაციებსა და გადახდების დამუშავებაზე შეზღუდვები დაუწესდება.