"მოვიდეს ვარლამი და გადაგიხადოთ ჯარიმები" - პოლიციამ გუმათში რვა ადამიანი დააკავა
რვა ადამიანი დააკავეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე, რომელიც ქუთაისის მახლობლად, სოფელ გუმათში გუშინ გაიმართა.
აქცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა სცადა ჩამოეგდო რკინის ბარიერები, რომლებიც მათ პოლიციამ სოფელში დაახვედრა. აქციის მონაწილეები რკინის ბარიერებზე აბრახუნებდნენ და მოითხოვდნენ იმ ადგილზე მისვლას, სადაც კომპანია “ენკა” ჰესის სამუშაოებს აგრძელებს. სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის რვა მონაწილე ადმინისტრაციულად დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სამართალდამცავი ორგანოების იურიდიული მოთხოვნების დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სოფელ გუმათთან აღმართული ბარიერების დაზიანების გამოც. გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
_____________________________________
● “არა ნამახვანჰესს!” რატომ აპროტესტებენ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას
● “მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას” – თბილისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
______________________________________
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, აქტივისტებს პოლიცია “არაადამიანურად” და “დამამცირებლად” ეპყრობოდა. ადვოკატი ჰყვება, როგორ ეუბნებოდა პოლიციელი დაკავებულებს, “მოვიდეს ვარლამი და გადაგიხადოთ ჯარიმებიო”.
“სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას, თითქოს მოვიდეს ახლა ვარლამი და გადაუხადოს ჯარიმებიო, მიეხმაროს, ვინ უშველის ახლა, ვინ გადაუხდის, ჯარიმასო?
მაინც აშენდებაო [ნამახვანჰესი], რას იკლავთ თავსო, ხომ არ გგონიათ, თქვენი აქ დგომა და ეს პროტესტი რამე შედეგს გამოიღებსო”, – ყვება ადვოკატი და ასევე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ სამივე პირს ფიზიკური დაზიანებები აქვს“, – ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ სამივე დემონსტრანტს ფიზიკური დაზიანებები აქვს.
რიონის ხეობის მცველების განცხადებით, ისინი აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს.
მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი 214 დღეა მიმდინარეობს.
კვირას, საქართველოს რეგიონებიდან მომიტინგეები თბილისში ჩამოვიდნენ და მასშტაბური მიტინგი გამართეს. მათ მთავრობას საკუთარი მოთხოვნები გააცნეს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქის „პარალიზებით“ დაიმუქრნენ.
ორშაბათს და სამშაბათს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე ქუჩაზე პარალიზება მოახდინეს. სამშაბათს საღამოს კი მათ გადაწყვიტეს მდინარე რიონის ხეობაში დაბრუნებულიყვნენ და უკვე ადგილზე შეეშალათ ხელი კომპანია “ენკასთავის”, რომელიც ჰესს აშენებს.
“რიონის მცველები” ითხოვენ:
● შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
● გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
● გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
● თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
● დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
_____________________________________
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან. VIDEO
● „ორ ადამიანს დავიტოვებ, ჭამა-სმა ჩემზე იყოს“. თბილისი ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქციისთვის ემზადება
● პოლიციამ სოფელ გუმათთან რკინის ბარიკადები აღმართა. რა ხდება რიონის ხეობაში
___________________________________
ელენე ასათიანის ეს ფილმი რიონის ხეობის მცველებზეა, თუ როგორ დაუკავშირეს მათ საკუთარი ცხოვრება ხეობის პროტესტს ჰესის წინააღმდეგ: