საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, მოინახულოს ევროკავშირის სამედიცინო მისიამ, რომელსაც, მისი თქმით, 4 თვეა ბარიერებს უქმნიან.
“ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი პრობლემურია, როგორც არასდროს. დაჟინებით მოვითხოვ, ევროკავშირის სამედიცინო მისიამ (რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით, რაც შეიძლება მალე მომინახულოს. საქართველოს ხელისუფლება 4 თვეა, ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.
სიარული მიჭირს, დავკარგე წონის 50%-ზე მეტი და კლება გრძელდება. ნევროლოგიური მდგომარეობა უარესდება, ასევე სერიოზულად გამიუარესდა მხედველობა. დავკარგე თმის უმეტესი ნაწილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია, როგორც ეს საქართველოს მთავრობას სურს, რომ გავჩუმდე. რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელება შემიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის შესაბამის დაწესებულებაში გადამიყვანენ.” – წერს ექსპრეზიდენტი ტვიტერზე.
სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც მიმართავს:
“თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ?
რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!”
● 16 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აპირებს “ძალიან” აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში.
● მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის შემოდგომიდან იმყოფება. იგი მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოში დაბრუნდა.
● ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 2022 წლის მაისიდან პოლიტიკოსი თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 20-ზე მეტი დამოუკიდებელი ექიმი აცხადებს, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია.
● მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
● 2023 წლის 12 მაისს მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა. სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ეს პასუხი მხოლოდ “ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება” მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.
● საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ “სახელმწიფოს ყველა მოქმედება მიხეილ სააკაშვილის შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.”