მიხეილ სააკაშვილი: ვაპირებ, ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის აპირებს “ძალიან” აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში. მისივე განმარტებით, ბოლო წვეთი იყო “იმ მოღალატეების აღლუმი”, რომელიც გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში იხილა.
15 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს “ლაჩრულად წაგებული” უწოდა.
მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ “მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს”.
რიჟვაძის განცხადებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით 2008 წლის ომში მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა.
“ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში ვიხილე. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ უკვე ყველა დონეზე შეაღწია. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ, ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ, აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის, ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას.” – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● მიხეილ სააკაშვილის სტატია Politico-ზე: მე პოლიტპატიმარი ვარ და ვკვდები
● “სააკაშვილი, შესაძლოა, მალე საწოლს მიჯაჭვული გახდეს” – ომბუდსმენის კონსილიუმი საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს
● მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის შემოდგომიდან იმყოფება. იგი მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოში დაბრუნდა.
● ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 2022 წლის მაისიდან პოლიტიკოსი თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 20-ზე მეტი დამოუკიდებელი ექიმი აცხადებს, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია.
● მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
● 2023 წლის 12 მაისს მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა. სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ეს პასუხი მხოლოდ “ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება” მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.
● საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ “სახელმწიფოს ყველა მოქმედება მიხეილ სააკაშვილის შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.”