საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი [2015-2018 წლებში], მიხეილ ჯანელიძე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთი “ოცნების” ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორთან, რიკარდ იოზვიაკთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია ვიზალიბერალიზაცია გააუქმოს, თუმცა ამით ქართველი ხალხი დაზარალდება. მისივე თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას.
მიხეილ ჯანელიძე: “იმ მომენტში, როცა ყველაზე ახლოს მივედით ჩვენს ისტორიულ მიზანთან, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასთან, რუსეთი, ქართული ოცნების ხელით, ამ შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას უკლავს.
კლავს, რადგან მიზანმიმართულად და დაჩქარებული ტემპით ანადგურებს ყველა თავისუფალ სივრცეს და თავისუფალ ადამიანს, რისთვისაც და ვისთვისაც ევროპული ოჯახის წევრობა არის ღირებული.
ევროკავშირის მცდელობებს, რომ საქართველო არ დაკარგოს რაღაც ტიპის დიალოგით ქართულ ოცნებასთან, ისეთივე შედეგი ექნება, რა შედეგიც ჰქონდა მათ დიალოგს პუტინთან.
პაპუაშვილის პასუხიც ამას მოწმობს, “ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელშიც ძალიან კარგად იციან – თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ”, რომელიც აიგივებს ქართულ ოცნებას ქართველ ხალხთან, ხოლო ევროკავშირს – საბჭოთა კავშირთან.”