მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილის ღვაწლი დემეტრე თავდადებულის და დავით აღმაშენებლის მსგავსია
გაზიარება
გაზიარება
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავის მე-12 ციხეში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზიარა. მისი თქმით, დღეს “ისტორიული დღეა”.
“მე ვიყავი საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია”, – განაცხადა ციხიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ღვაწლი დემეტრე თავდადებულის და დავით აღმაშენებლის მსგავსია:
“ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება.
მხოლოდ ისტორიული მაგალითები შემიძლია დავასახელო, თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და 50-ე ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის, ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, რომელსაც ძალიან მძიმე ცოდვები ჰქონდა და ეს თავისი ცოდვები მოწამებრივი სისხლით ჩამოირეცხა.”
ახალქალაქის მიტროპოლიტის თქმით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა “უბრალოდ ადამიანურია.”
“მე ვფიქრობ, საჭიროა… ნუ, მე ამას ვერ ვიტყვი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ასეთი ადამიანი, ერთის მხრივ, ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მეორეს მხრივ, ადამიანი, რომელიც ასეთი მძიმე სტრესის ქვეშაა, ფიზიკურის სტრესის ქვეშ, 40 დღეა, ადამიანი მშრალად მარხულობს, განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება”, – ამბობს ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა იყო. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხელისუფლებას 24 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ორშაბათს, 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი აქცია დააანონსა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი მსჯავრდებულია, ორ საქმეზე კი ბრალდებული.
ადვოკატები ითხოვენ, რომ მოშიმშილე პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ციხის საავადმყოფოში არც მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობს და არც უსაფრთხო გარემო ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელსაც ბევრი მტერი ჰყავს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
ციხის საავადმყოფოში გადასვლას არც თავად სააკაშვილი თანხმდება. ამ დრომდე, იგი კატეგორიულ უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზეც.