თბილისს ხატით შემოუფრინა მეუფე იაკობმა და კორონავირუსის წინააღმდეგ ლოცვა აღავლინა
გაზიარება
გაზიარება
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა დღეს ვეტმფრენით შემოუფრინა თბილისს. ხელში მას იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი ეჭირა. მან თბილისი კორონავირუსის საფრთხისგან დალოცა.
ეს ფრენა პატრიარქის კურთხევით შედგა.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.
მიუხედავად იმისა, რომ 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომაფრეობა მოქმედებს, საქართველოს ეკლესიებში არ შეჩერებულა ხალხმრავალი წირვა-ლოცვა.
საპატრიარქომ არ მოუწოდა თავის მრევს სახლში ლოცვისკენ, როგორც ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნების რელიგიურმა ინსტიტუტებმა გააკეთეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის განჩინებით არ შეცვლილა არც ზიარების წესი – მორწმუნეები საერთო კოვზიდან ეზიარებიან.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის გამო საბერძნეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში ღვთისმსახურებას მრევლი აღარ ესწრება.
რელიგიური მსახურებისა და წესის შესრულება შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქმაც.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს თბილისის ყველაზე დიდ ტაძარში – სამების ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა გაიმართა.
წირვას დაესწრო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც. წირვა-ლოცვას მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ასაკოვანი ადამიანებიც ესწრებოდნენ, რომლების კორონავირუსის საფრთხის თვალსაზრისით რისკ ჯგუფში შედიან.
ტაძარში შეკრებილ მრევლს სტიქაროსნები აფრთხილებდნენ, რომ დისტანცია დაეცვათ. თუმცა, დისტანციის დაცვა შეუძლებელი იყო, რადგან ტაძარში ბევრი ხალხი მივიდა.