"MEGOBARI აქტის რეგისტრირებულ ვერსიას კონგრესის საგარეო კომიტეტი შემდეგ კვირას განიხილავს" - რაუფოღლუ
MEGOBARI აქტი
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი ახალ კონგრესში რეგისტრირებულ MEGOBARI აქტის ვერსიას საგარეო კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.
“როგორც წყარო მეუბნება კონგრესიდან, MEGOBARI აქტის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.
ამასობაში, MEGBARI აქტის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ვერსიას, რომელიც ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს, მხარდამჭერები ყოველ დღე ემატებიან.
მას ახლა 18 თანასპონსორი ჰყავს”. – წერს რაუფოღულო სოციალურ ქსელში.
რა წერია MEGOBARI აქტში
2024 წლის 25 მაისს ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება MEGOBARI აქტისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ. აქტი რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სანქციებს, ხოლო „დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში“ – სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტებს.
კანონპროექტის სახელია MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი).
აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში “რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.
აქტის ძირითადი დებულებები ასეთია:
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.
მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.
ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას:
- მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
- გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
- ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
- უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
ამავდროულად, კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ თბილისი “ღიად თავს ესხმის აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.”