რუსეთი ემხრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ Вестника Кавказа-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ინიციატივა, რომელზეც ზახაროვა საუბრობს, პრორუსულ პარტია“სოლიდარობა მშვიდობისთვის” ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ პარტიის ლიდერებმა მამუკა ფიფიამ და მიხეილ ჟღენტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად მიმართეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თხოვნით.
“ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მოგმართავთ თხოვნით, სრულად გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის”. – თქვა პრორუსული პარტიის ლიდერმა და ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ პუტინისადმი მიმართვაში.
ფიფიამ პუტინს ამნისტიის გამოცხადებაც სთხოვა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სავიზო რეჟიმის შემსუბუქებამდე რუსეთში დარჩენის წესები დაარღვიეს და დეპორტირდნენ.
11 ივნისს ტელეკომპანია“მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება მოსკოვთან მუშაობას საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით იწყებს. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და მას “ჭორი” უწოდა.
“შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა. ეს მოხდა სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. მის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისთვის სახელდებოდა წინაპირობები, რომლებიც წინააღმდეგობაში იყო რეგიონში არსებულ რეალობასთან.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით ნორმალიზების პროცესის დაწყების შესახებ. რუსეთმა მაშინვე დაუჭირა მხარი ამ წინადადებას. ჩვენ განვაგრძობთ ფიქრს იმის შესახებ, რომ ეს პასუხობს ორივე ერის ინტერესებს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციას. ამ კონტექსტში მივესალმებით თქვენ მიერ ნახსენებ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ, ამ გზით ვიაროთ.“ — განაცხადა ზახაროვამ.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.