მამუკა მამულაშვილი სუს-ის განცხადებაზე: რუსული ხელწერაა და დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან
მამუკა მამულაშვილი სუს-ის განცხადებაზე
ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი “ფორმულასთან” სატელეფონო საუბრის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება ე.წ. გადატრიალების გეგმის შესახებ და ამბობს, რომ ეს რუსეთიდანაა ნაკარნახევი.
ამასთან, მამულაშვილი სუს-ის განცხადებას უკრაინაში ქართული ლეგიონის საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ “ქართული რუსული ხელისუფლება” ამით მათ დისკრედიტაციას ცდილობს.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური 18 სექტემბერს დილით აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში უკრაინული ევრომაიდნის სცენარის გამეორება და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა იგეგმება.
გეგმის ავტორად დასახელებულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო;
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი;
სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.
მამუკა მამულაშვილი: “ეს არის პირდაპირ ნაკარნახევი რუსეთიდან და დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჩვენს საქმიანობასთან – ლეგიონი გახლავთ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი “შემაწუხებული” ფაქტორია, რადგან ძალიან ბევრი რუსი კვდება ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით. მე არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მიმართული და განზრახული იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოდიან საკუთარი ოჯახების სანახავად.
როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდის. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს.”
● მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
● საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა უკრაინასა და კიდევ ცხრა ქვეყანაში ვიზიტზე
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
ქართული ლეგიონი არის უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ქართველი მოხალისეებისგან და პროფესიონალი სამხედროებისგან შედგება. ლეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. მისი მეთაურია პოლკოვნიკი მამუკა მამულაშვილი.
2016 წლის თებერვალში ქართული ლეგიონი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის 25-ე მოტოქვეითთა ბატალიონს და ამჟამად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
ქართული ლეგიონი, რომლის რიგებშიც ქართველი მოხალისეების გარდა სხვა ეროვნების წევრებიც იბრძვიან, დღეისთვის 2000-მდე სამხედროს აერთიანებს.