საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ.
ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის ფარგლებში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ლიდერები წერენ, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას, თუკი ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.
“სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე გეზს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების [გატარების] მხრივ, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოსთან [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მხარდამჭერები.” – წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა და ევროპარლამენტარებმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ერთობლივი განცხადება 6 ნოემბერს გაავრცელეს და გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის “საპარლამენტო არჩევნებზე აღინიშნა უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტები და სისტემური დარღვევები.”
ასევე, ისინი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ. განცხადებაში საუბარია ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზეც.