პირველად იანვრის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა
პირველი დიდი ნახტომი იანვრის შემდეგ – საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა ათასს 26 იანვარის შემდეგ.
”ჩვენ კლასტერებიდან ზოგად განაწილებაზე გადავდივართ. ყველა რეგიონში, ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისი პირველ ადგილზეა, მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, იმერეთი და სხვა რეგიონები. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სამეგრელოში ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზულად იზრდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის მუტაციის გამო, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, რეინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება:
”სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მუტაციები ხდება და ვრცელდება მრავალი შტამი, თანდათან იზრდება რეინფიცირიების შემთხვევები ყველგან და საქართველოშიც. როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ევროპაში ლიდერობს ეგრეთ წოდებული “ბრიტანული შტამი”.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სისტემა ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად არის. მათივე თქმით, დღეს 8 ათასი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს კლინიკებში, კოვიდ-სასტუმროებში და სახლებში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია ვირუსის 18 დიდი ჯაჭვი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ვირუსის ზოგად გავრცელებაზე მიუთითებს.
ასევე, ჯერ-ჯერობით უცნობია, იგეგმება თუ არა ქვეყნის ისევ მკაცრ ლოკდაუნზე გადასვლა.
პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 290 ათასზე მეტი შემთხვევა, 278 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა და 3 894 ადამიანი გარდაიცვალა.
______________________________
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდა
● 30 მარტიდან საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინით აცრა დაიწყო