ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების განცხადებით, COVID-19-ით დაავადებული სამი პაციენტის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო.
„სამ შემთხვევაში არ ვიცით, ვინ არის პირველწყარო. უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდაგავრცელების პრეცედენტი. ეს არის განგაშის საფუძველი“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.
28 მარტის 20:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 16 გამოჯანმრთელდა.
ექიმების განცხადებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით დაავადებული ასაკოვანი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. 90 პაციენტიდან 60 წელს გადაცილებული არის 6 პაციენტი, 70 წელს გადაცილებული – 3, ხოლო 80 წელს გადაცილებულია 2 პაციენტი.
6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.