საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანახმად, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიები მას ევროპული საწვავის იდენტურ ფასად ყიდდნენ. ამის შესახებ სააგენტომ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის კვლევის შემდეგ განაცხადა.
სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობით (40.8%) იმპორტი რუსეთიდან მოხდა, მას მოსდევს რუმინეთი (26.5%), ბულგარეთი (13.4%), თურქმენეთი (9.9%), აზერბაიჯანი (7.7%) და სხვა ქვეყნები (1.7%).
ანგარიშის მიხედვით, საცალო ფასებს 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში ზრდის ტენდენცია ჰქონდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში (ბულგარეთი, რუმინეთი) ხოლო ივლისში შემცირდა 7-8 ცენტით, რაც შეეხება საქართველოს, ივლისში საწვავის ფასი 11 ცენტით გაიზარდა.
2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მათი განმარტებით, მოკვლევის მიზანი საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან კონკურენტული ქცევის და კონკურენციის კანონმდებლობასთან მისი თავსებადობის შესწავლაა.
ამასთან, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 აგვისტოს თქვა, რომ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის ჩატარების რეკომენდაციით თავად მიმართა.
“მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა და ხომ არ არის რაიმე გადახრა და კეთილსინდისიერების დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. შეგვპირდნენ იმპორტიორები, იმის მიუხედავად, რომ მათ დააკლეს ფასი ივლისში, ასევე აგვისტოში დააკლეს 10-10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარი იყოს სტაბილური და მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გამყარდა ეროვნული ვალუტა.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიმდინარე წლის მარტში, როდესაც საწვავის ფასის გაზრდის გამო ქუჩაში აქციები გაიმართა, პრემიერი აცხადებდა, რომ საწვავის გაძვირების წინააღმდეგ აქციის უკან ნაცმოძრაობა დგას.