Fox News Digital-ისთვის წერილობით განცხადებაში, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ამასთან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” და კრემლი აშშ-ს სერიოზულად არ აღიქვამენ. ამასთან, Fox News-ის ინფორმაციით, კონგრესმენი 23 მაისს “MEGOBARI აქტს” წარადგენს.
“ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და აშშ-ს შორის კავშირზე თავდასხმა შედეგებს იქონიებს. მეგობარი აქტი აჩვენებს, რომ აშშ უპასუხებს გადახვევას თავისუფლებისა და პროდასავლური მომავლისადმი ქართველი ხალხის ერთგულებისგან. კანონპროექტი ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს სურს ძლიერი და ნათელი მომავალი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის და არ ვაპირებთ, რომ ამაზე მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ ვიმოქმედოთ”, – ამბობს კონგრესმენი.
როგორც მედია წერს, მათ MEGOBAR Act-ის ასლი მოიპოვეს, რომელიც მოიცავს სავიზო აკრძალვის გადაუდებელ განხილვას საკვანძო პირებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც “რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და ამოქმედებაზე მატერიალურად ან პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი”.
ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ადამიანებზე ქვეყნის პოლიტიკურ და სამთავრობო ხელმძღვანელობაში, ბიზნესწრეებში, სამართალდამცავ და უშიშროების სამსახურებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანონის წინსვლაზე ან კანონიერი სახალხო ან სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის ჩახშობაში.
კანონპროექტის თანახმად, მიღებიდან 60 დღეში სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს ის საკვანძო პირები, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იმყოფებიან, მუშაობენ მათ აგენტებად ან მისი სახელით ან სხვაგვარად შეუძლიათ გავლენის მოხდენა მთავრობის ქმედებებზე.
23 მაისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ახალ, ორპარტიულ კანონპროექტს განიხილავს, რომლის ავტორები სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან.
პაკეტი “ქართველი ხალხის აქტი” სენატს დღეს წარედგინება, მისი სამიზნეები კი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლაში, ასევე ისინი, ვინც ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღებას და დგანან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უკან.