"საქართველოში რევოლუციის ორი მცდელობა იყო" - კობახიძე ამბობს, რომ სახდეპის მრჩეველთან იმედგაცრუება გამოხატა
კობახიძე სახდეპის მრჩეველს ესაუბრა
საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან საუბრის შემდეგ X-ზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც ამბობს, რომ 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის ორი მცდელობა იყო, რასაც, მისი მტკიცებით, მხარს უჭერდა აშშ-ს ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი.
გარდა ამისა, კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების რიტორიკას ცრუს უწოდებს, თავისი ტვიტის ბოლოს კი წერს, რომ “არ გამოუთქვამს” თავისი შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტური პროტესტის დაშლის გამო. ასევე, კონსპირაციული შინაარსის ტექსტში კვლავ ნახსენებია მეორე ფრონტიც.
“ვესაუბრე სახელმწიფო მდივნის მრჩეველს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში რევოლუციის ორი მცდელობის გამო, აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ მხარდაჭერილი და გარე წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს მცდელობები წარმატებით რომ დასრულებულიყო, საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი გაიხსნებოდა.
გარდა ამისა, ბატონ შოლეს ავუხსენი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტსა და ქუჩის მიტინგებზე გვახსენებს ანალოგიურ ცრუ განცხადებებს, რომლებსაც აშშ-ის ყოფილი ელჩი 2020-2023 წლებში აკეთებდა, რამაც ხელი შეუწყო უცხოეთიდან დაფინანსებული ობიექტების ძალადობასა და რევოლუციური სცენარების მხარდაჭერას.
ამასთან, განვუმარტე ბატონ შოლეს, რომ ამ ფონზე აუცილებელია განსაკუთრებული ზომები ურთიერთობების აღსადგენად, რაც შეუძლებელია სამართლიანი და გულწრფელი მიდგომის გარეშე.
ბატონ შოლესთან არ გამომითქვამს ჩემი შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის გამო.” – წერია პრემიერის ტვიტში.
● ანალიტიკოსის კომენტარი: ოცნების ბოლო პერიოდის რიტორიკა გზის ბოლოს გულისხმობს უარს ნატოსა და ევროკავშირზე
● აშშ-ის ელჩი: საქართველოს მთავრობის წევრები მივიწვიეთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად – ქართულმა მხარემ უარი თქვა მოწვევაზე
● კობახიძე: “იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყანა დავამშვიდოთ, აუცილებელია ამ კანონის მიღება”
ირაკლი კობახიძემ X-ზე თავისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ კრიტიკული განცხადებების შემდეგ გაავრცელა, რომელიც პარლამენტში რუსული კანონის განხილვას მოჰყვა.
2 მაისს დერეკ შოლემ განაცხადა, საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს საკუთარი შეშფოთება “განუმარტეს”. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა უარი თქვეს შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე, სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განცხადება გაავრცელა.
ელჩის თქმით, აშშ-ი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. ასევე, დანიგანი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის არჩევანის გამო, რომელმაც ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის მოქმედება იმით გაამართლა, რომ პრემიერი მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს “არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას”.