"კლუნების ფონდის" შეფასებით, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს
კლუნების ფონდი მზია ამაღლობელზე
მზია ამაღლობელის საქმის პროცესი არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც აჩენს კითხვებს ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის მდგომარეობის შესახებ საქართველოში, – ასე აფასებს “კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის” მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს.
ფონდმა TrialWatch -ის საბოლოო ანგარიში მზია ამაღლობელის საქმეზე, დღეს, 16 იანვარს გამოაქვეყნა. ფონდი აკვირდებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
- სენატორი მარკო ლომბარდო: მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი არ არიან დამნაშავეები — ისინი პოლიტპატიმრები არიან
- “სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას” – 24 ქვეყნის განცხადება
- ქართველი პატიმარი ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, სახაროვის პრემიის გამარჯვებულია
12 იანვარს გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა. ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ის რუსთავის ქალთა ციხეშია.
მზია ამაღლობელი გახდა პროევროპული ბრძოლის სიმბოლო საქართველოში და არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო, მათ შორის, ევროპარლამენტის სახაროვის პრემია.
რა წერია ანგარიშში
პრესრელიზში, რომელიც თან ერთვის “კლუნების ფონდის” ანგარიშს, ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ის პრორუსული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესების ფონზე მიმდინარეობდა.
„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმემ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა გამოავლინა, რამაც სერიოზულად დააზიანა როგორც მისი პატიმრობისა და გასამართლების პროცესის სამართლიანობა, ისე მსჯავრი იმ ქმედებისთვის, რომლისთვისაც მას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული“, – განაცხადა სერ ნიკოლას ბრატცამ, ბრიტანელმა იურისტმა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
სერ ნიკოლას ბრატცა TrialWatch-ის ექსპერტია. მან მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო პროცესს “D შეფასება” მიანიჭა.
TrialWatch – არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც აკვირდება სასამართლო პროცესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა გამოავლინოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. TrialWatch შეიქმნა 2019 წელს Clooney Foundation for Justice-ის მიერ. ის დააფუძნეს ადამიანის უფლებათა ადვოკატმა ამალ კლუნიმ და მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ. დაარსებიდან დღემდე TrialWatch-ი 40-ზე მეტ ქვეყანაში დააკვირდა სასამართლო პროცესებს და ამჟამად აკვირდება თითქმის 60 ჟურნალისტის საქმეს 10 ქვეყანაში.
ფონდი, საბოლოო ანგარიშში, მზია ამაღლობელთან მიმართებით მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებაზე უთითებს.
რა ხარვეზებზე საუბრობს ანგარიში
ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი პროცესის ხარვეზები. საუბარია დაცვის უფლებების დარღვევაზე. ეს გამოიხატა იმით, რომ ბრალდებულს პროცესების განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატებთან თავისუფლად კომუნიკაციის შესაძლებლობა.
(შეგახსენებთ, მზია ამაღლობელს 8 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისცეს უფლება, ადვოკატებთან დამჯდარიყო. ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოხდა. ყველა დანარჩენ პროცესზე ის ბრალდებულებისთვის განკუთვნილ მინის კაბინაში იყო).
დაცვის უფლების დარღვევა იყო ისიც, რომ სასამართლომ უარი თქვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებებისა და მოწმეების დაშვებაზე. ისინი მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოირიცხა.
ანგარიშში ხაზგასმულია ბრალდების გადაკვალიფიცირების პრობლემურობაც. დოკუმენტის თანახმად, ბრალის გადაკვალიფიცირებამ ამაღლობელს არ დაუტოვა შესაძლებლობა თავი დაეცვა ბრალში, რაც მას გადაკვალიფიცირებით წაუყენეს.
თავდაპირველად მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა). ეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
განაჩენის გამოცხადების დღეს, მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
დოკუმენტში ასევე საუბარია უსამართლო სასჯელზე. ფონდი წერს, რომ განაჩენში არ არის გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისა და საპატიმრო სასჯელის სათანადო დასაბუთება.
უთითებს, მკაცრ სასჯელზე. მიუხედავად იმისა, რომ გადაკვალიფიცირებული დანაშაულისთვის შესაძლებელი იყო ჯარიმა ან შინაპატიმრობა, სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
ფონდის შეფასებით, ეს მიუთითებს მართლმსაჯულების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე. განზრახვაზე სამაგალითოდ დაესაჯათ გამორჩეული ჟურნალისტი, რათა დაეშინებინათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევებზე. კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებებზე, რომლებიც წინასწარ ქმნიდნენ ნეგატიურ განწყობას.
“საქმე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რაც ხაზგასმულია ქვეყნის დემოკრატიული გარემოს შესწავლისას“, – წერს ანგარიშის ავტორი.
TrialWatch-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და უზრუნველყოს სასამართლოების პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მუშაობა.
კლუნების ფონდი მზია ამაღლობელზე