აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოს აქვს საშუალება, დააჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან სტატუსი ძალიან ახლოსაა.
“ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა ამ გზაზე დგახართ. ევროპული პერსპექტივა უზარმაზარი ნაბიჯია და კანდიდატის სტატუსიც საქართველოსთვის ძალიან ახლოსაა. ევროკავშირმა მოგცათ საგზაო რუკა და შეერთებული შტატები მხარს გიჭერთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რეალობად იქცეს. თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. გაქვთ შანსი, ჩამოაყალიბოთ ამ ქვეყნის მომავალი ისეთი, როგორშიც გსურთ იცხოვროთ. ამიტომ მოგიწოდებთ, არასდროს დანებდეთ. ეს არის თქვენი შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც.” – აღნიშნა ელჩმა.
კელი დეგნანი კავკასიის უნივერსიტეტში
შეხვედრაზე აშშ-ის ელჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლიტიკაზე წინ “უნდა დავაყენოთ” ის, რაც სწორია მისი ჯანმრთელობისთვის. მისივე თქმით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს, რას ამბობს სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმის შესახებ. როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს გაუმართლა, რომ ასეთი გაბედული სახალხო დამცველი ჰყავდა ნინო ლომჯარიას სახით, რადგან “ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტები” და სწორედ ამ ფაქტების დადგენას ცდილობდა სახალხო დამცველი:
“ბევრი რამ დგას რისკის წინაშე, ზოგჯერ რჩება განცდა, რომ ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე. ჩვენი კონსტიტუციაც, ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე, პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩემი აზრით, მთავრობა აღიარებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ის მზრუნველობა, რაც სჭირდება.”
14 დეკემბერს ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტმა საბოლოო რეზოლუციის მიღებამდე კენჭი უყარა ცალკეულ შესწორებებსაც, რომელთა უმეტესობასაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილია ნოემბერში მიღებული კომპრომისული ცვლილებებიც, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტი რეკომენდაციას გასცემს, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენები აღმოიფხვრას.
რეზოლუციაში შესული ერთ-ერთი ახალი შესწორების თანახმად, ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების კონტექსტში, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, „მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილზე და ყველა იმ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შესაძლებელი გახადოს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარულ საფუძველზე, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.
ამასთან, 14 დეკემბრის რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს საქმეებს მედიის თანამშრომლების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიების მფლობელებისდა მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. რეზოლუციაში პირდაპირაა ნახსენები “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე.