თუ ქვეყანამ უარი თქვა თანამშრომლობაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ ქვეყანამ დატოვოს ევროპის საბჭო, – ამის შესახებ “ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა გადაცემაში “რეზიუმე“ განაცხადა.
კახა გოგოლაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე PACE-ს წევრებმა შეიძლება საქართველოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მოითხოვონ.
29 იანვრის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის დრამატულად წარიმართა.
ამ ევროსტრუქტურამ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო მკაცრი რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასევე, აღიარებულია, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, რომელთა გათავისუფლებასაც რეზოლუცია ითხოვს.
ასევე, PACE-ში მუშაობის მხრივ კონკრეტული სანქციები დაუწესდა “ქართული ოცნების” დელეგაციას – მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უფლებამოსილება შეეზღუდათ 2025 წლის აპრილამდე – „გამოსაცდელი ვადით“.
ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თავად წყვეტენ მუშაობას PACE-ში.
კახა გოგოლაშვილი:
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარის თქმა აბსოლუტური ნონსენსია. ევროპის საბჭოში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ორ ინსტიტუტში მაინც უნდა იყო. ერთი არის მინისტრთა საბჭო, სადაც, როგორც წესი, საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. მეორეა საპარლამენტო ასამბლეა.
მინისტრთა საბჭო შეიძლება გააცდინო, არაფერი იქ არ ხდება, გადაწყვეტილებების მიღებაში თუ არ მიიღებ მონაწილეობას, შენს გარეშეც მიიღებენ, მაგრამ რაც შეეხება საპარლამენტო ასამბლეას, სადაც მიმდინარეობს დებატები და სერიოზული მუშაობა: კონვენციების შესრულების შეფასება, ქვეყნებთან დაკავშირებით დისკუსიები, ვის რა დარღვევები აქვს და ა.შ.
მონიტორინგი იმისა, თუ მთლიანად ევროპაში როგორია ადამიანის უფლებების დაცვის საქმე, ასევე დემოკრატიის. ეს ყველაფერი არის აუცილებელი, აბა, რატომ ხარ საერთოდ ევროპის საბჭოს წევრი? თუ ქვეყანამ უარი თქვა თანამშრომლობაზე, რაც მაგალითად შეიძლება იყოს PACE-ის რეზოლუციის არშესრულება, მისი რეკომენდაციების სისტემატური არშესრულება, არ მონაწილეობა PACE-ის მუშაობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს PACE-ის წევრების მხრიდან რეზოლუციის შემოტანა, რომელიც მოითხოვს, რომ ქვეყანას წაართვან ხმის უფლება.
ეს იქნება პირველ ეტაპზე და შემდგომში საერთოდ შეიძლება მოითხოვონ, რომ ქვეყანამ დატოვოს ევროპის საბჭო. თუ ქვეყანა ევროპის საბჭოში არ თანამშრომლობს, არაფერს არ ითვალისწინებს და თვითონაც კონტრიბუციას არ აკეთებს, მაშინ სრულებით შეიძლება დაატოვებინონ ევროპის საბჭო.“