კლინიკების ასოციაცია მთავრობას საველე ჰოსპიტლების გახსნის თხოვნით მიმართავს
დიდი კლინიკების მიმდებარედ უნდა გაიხსნას საველე ჰოსპიტლები – 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით – ნათქვამია კლინიკების ასოციაციის განცხადებაში, რომლითაც ისინი მთავრობას მიმართავენ.
მათი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა უამრავმა ნაკლოვანებამ და ხარვეზებმა. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური კადრით, რომელიც მრავლადაა აკადემიურ წრეში.
“სასურველია, არ დავკომპლექსდეთ და საჭიროების შემთხვევაში, მოვიწვიოთ უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც დაუგროვდათ საკმაო კვალიფიკაცია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, კლინიკურ მენეჯმენტსა და ჯანდაცვის სისტემის მართვის საკითხებში”.
● კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს
განცხადებაში საუბარია კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, სამხედრო-სამედიცინო პერსონალის ჩართვაზეც.
“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები, 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით.
ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები”, – წერია განცხადებაში.
განცხადების ავტორთ აზრით, აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა – ლოქდაუნი.
“კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლობას წარმოადგენს რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა „ლოქდაუნი“. სრულ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს. სამუშაო ადგილების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”.
განცხადებაში საუბარია რეგულაციებზეც, რომლის რეკომენდაციაც მთავრობას ეძლევა:
● შეიზღუდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა;
● რეკომენდებულია მიკროავტობუსში, ავტობუსსა და მეტროს ვაგონში მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში მგზავრობა, დისტანციის დაცვით;
● ფეხზე დგომით მგზავრობა არარეკომენდირებულია, ვინაიდან ვირუსს ახასიათებს დალექვა და ადვილად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ახლოს მჯდომ მგზავრს;
● სავაჭრო ობიექტებს დაერთოთ ნება განაგრძონ მუშაობა დისტანციის დაცვით;
● რეკომენდებულია 10 კვადრატული მეტრის მქონე ფართში ერთდროულად მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა;
● ნებისმიერი კვების ობიექტი რეკომენდებულია, მუშაობდეს ღია სივრცეში და დაცული იყოს დისტანცია მაგიდებს შორის მინიმუმ 4 მეტრი;
● სილამაზის სალონებში რეკომენდებულია, დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის;
● სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
● სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხო საქმიანობისთვის რეკომენდებულია ყველა პაციენტს სტომატოლოგიური დახმარების გაწევამდე ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომლის შემთხვევაშიც პასუხი ცნობილია 10-15 წუთში.
_____________________
23 ნოემბერს საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 23 ადამიანი.
სულ საქართველოში დადასტურებულია 108690 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 1012
გამოჯანმრთელებული – 89170
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 18 482