ჯანდაცვის მინისტრი: მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი
გაზიარება
გაზიარება
„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საუბარი შეეხო პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, ეპიდვითარებასა და ტესტირებას. შეხვედრის მთავარი თემა კი ვაქცინა იყო.
ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას კოვაქს პლატფორმასთან აქტიური თანამშრომლობა აქვს და გარკვეული წინსვლა უკვე არის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით დაიწყოს.
აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
ფაიზერის ვაქცინაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. მისი თქმით, ფაიზერის ვაქცინა შეიძლება გახდეს პირველი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ კი ამას “ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოჰყვება:
“გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის ტექნოლოგიურად უფრო მარტივი ის ვაქცინა იქნება, რომელსაც ცივი ჯაჭვი 2-დან 8-გრადუსამდე სჭირდება და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი – მინუს 70 გრადუსი, რაც არის ფაიზერი ტექნოლოგიურად. უფრო მარტივი, რა თქმა უნდა, ასტრაზენეკა იქნება”.
მისივე თქმით, საქართველო ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად მზად იანვრის ბოლოს იქნება.
პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები აიცრებიან, შემდეგ სხვა რისკ-ჯგუფები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია.
კოვაქს პლატფორმას საქართველომ შეუკვეთა 1 მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინა, რაც 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.