ივნისში საქართველოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
2021 წლის ივნისში საქართველოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის ვიზიტორები ჩამოვიდნენ. ივნისში საქართველომ 146 ათას 600 უცხოელი ვიზიტორი მიიღო.
ვიზიტორების ეს ნაკადი 287 პროცენტით მეტია წინა წელს ივნისთან შედარებით. წინა წელს საქართველო თითქმის სრულად დაკეტილი იყო ტურისტებისთვის.
თუმცა, მიუხედავად ამ ზრდისა, საქართველო ტურიზმის მხრივ ახლოსაც არ არის პანდემიამდელ მაჩვენებელთან – 2019 წლის ივნისში საქართველოში 80 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე წელს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ასევე ირკვევა, რომ წელს ვიზიტორების 77 პროცენტი საქართველოში საჰაერო გზით შემოვიდა.
როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. პირველ ხუთეულშია ასევე ისრაელი, უკრაინა, რუსეთი და სომხეთი.
2020 წელს საქართველოში ტურიზმის შემოსავალი 80 პროცენტით შემცირდა ანუ ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 2021 წლის პირველ 5 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ $177 მილიონი მიიღო.
