ირაკლი კობახიძე: არ არსებობს აუცილებლობა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმს გადავხედოთ
გაზიარება
გაზიარება
არ არსებობს აუცილებლობა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმს გადავხედოთ
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმის აუცილებლობა არ არსებობს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმს მთავრობამ გადახედოს.
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, საქართველოში კონკრეტული რეჟიმი მოქმედებს, რომელიც, სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ 2012 წლის დასაწყისში შემოიღო და დღეს არანაირი რისკები არ ჩანს. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ დანარჩენი სპეკულაციებია და ყველაფერი ისევ და ისევ ომის პროპაგანდასა და ომის რიტორიკას უკავშირდება:
“ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ჩვენ ამაში არ შევყვებით. არავითარი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოსვლა არ ხდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლებაა დაინტერესებული იმით, რომ თუ რაიმე რისკი არსებობს, ამის პრევენცია მოხდეს. ახლა კი არავითარი რისკები არ ფიქსირდება. შესაბამისი უწყებები ამაზე პასუხისმგებლები არიან და ისინი ამ ყველაფერს აკონტროლებენ.”
კობახიძე ხაზს უსვამს, რომ ვიზების გარშემო პირველი ხელოვნური აჟიოტაჟი მარტში შეიქმნა და მაშინ ისე წარმოაჩენდნენ სიტუაციას, “თითქოს ქვეყანა დაიქცა და დაიქცეოდა რამდენიმე დღეში.”
“მარტის მერე ნახევარი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა. აქედან ჩანს, რომ ის აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა. დღევანდელი აჟიოტაჟიც ზუსტად ასევე ხელოვნურად შექმნილია. არაფერზე, ცარიელ ადგილზე ახდენენ სპეკულირებას. რატომ? იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ინტერესი აქვთ, რამენაირად ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ და ომის პროპაგანდა გააჩაღონ. ბუნებრივია, მათ ამაში ვერ შევყვებით.” – ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
ოპოზიციური პარტიების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას სამოქალაქო სექტორიც ითხოვს. 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ითხოვს გადაიხედოს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი.
განცხადებაში, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინასა და საქართველოში ომის სამართლით აკრძალული ქმედებები ჩაიდინა. იქვე, ამბობენ, რომ რუსეთი დღესაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ასევე ითხოვენ ოპოზიციური პარტიები “ლელო” და “დროა”. “დროა” რუსი ტურისტებისთვის სპეციალური გადასახადების დაწესებასაც ითხოვს. იგივე მოთხოვნა აქვთ მოქალაქეებსაც – პეტიციამ, რომელიც ამ მოთხოვნით შეიქმნა, ორ დღეში 20 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ერთ მილიონზე მეტი (1 094 400) ვიზიტორი შემოვიდა. ამათგან, 19.3 პროცენტი – 147 700 ადამიანი, რუსეთიდან იყო.