ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება, სადაც ის უკვე შეხვდა სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას მშვიდობის რეგიონად.
ღარიბაშვილის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა “სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივის” განვითარებას, რომლის ფარგლებშიც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.
● სომხეთმა აზერბაიჯანს საჰაერო სივრცე გაუხსნა? მოსაზრებები ბაქოდან და ერევნიდან
● სხვა მიწა: მთიანი ყარაბაღი ომიდან ერთი წლის შემდეგ
● ერთი წელი ყარაბაღის მეორე ომიდან – მთავარი მოვლენები ერთ ვიდეოში
ათი დღის წინ საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანშიც იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. პრემიერმა მაშინ განაცხადა, რომ მისი სურვილია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებულ ნდობის აღდგენის პროცესში სასარგებლო წვლილი საქართველომაც შეიტანოს.
2021 წლის 12 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთთან კონფლიქტის დროს დაკავებული 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით სახლებში დაბრუნდნენ.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ განცხადებაში.