ბათუმში ნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა
ბათუმში, კორპუსის ნგრევის შედეგად 9 ადამიანია გარდაცვლილი.
შენობის ნანგრევებიდან სულ ამოყვანილია 10 ადამიანი – 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 8 – გარდაცვლილი.
ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. ერთი გადარჩენილი კაცი კი საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კლინიკა მედცენტრის რეანიმატოლოგის, ჯემალ გელაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება.
დაღუპულთაგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილია 9 ადამიანი. მისივე თქმით, “არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება”.
შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი მუშა დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციის საჭიროებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშველების სამუშაოების დასრულებისთანავე კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან, თუ რამდენად უსაფრთხოა ირგვლივ მყოფ შენობებში ცხოვრება.
● ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ სადარბაზოში, დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობდა.
შემთხვევის ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ რიგითი ადამიანებიც.