2020 წლის 23 ივნისს, მინსკში, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად და ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე გაიმართა. საპასუხოდ ოპოზიცია უვადო დაუმორჩილებლობის აქციისკენ მოწოდებით გამოვიდა.
ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 2020 წლის 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოპოზიციის აზრით, მისი შედეგები გააყალბეს.
ამავე მოსაზრებას იზიარებს ევროკავშირი, რომელიც „ბელარუსი ხალხის დროებით წარმომადგენლად“ საკოორდინაციო საბჭოს მიიჩნევს და ახალი არჩევნების გამართვას ითხოვს.
ინაუგურაცია სახელმწიფო ტელევიზიის ეთერითაც არ აჩვენეს, სადაც ამ დროს სერიალი გადიოდა. ქალაქის ცენტრი კი მთლიანად გადაკეტილი იყო და ასე გამოიყურებოდა:
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ლუკაშენკომ ფიცი ბელარუსულ ენაზე დადო და საკუთარ სიტყვაში განაცხადა, რომ „ფერადი რევოლუცია ბელარუსში ჩავარდა“.
ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ ლუკაშენკოს ქმედებები არალეგიტიმურად სცნო და მოქალაქეებს უვადო დაუმორჩილებლობის აქციისკენ მოუწოდა.
მსოფლიოში, 10 ქვეყანაზე ნაკლებია ისეთი, რომელმაც ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მათ შორის, ჩინეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.