სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი არჩევნები “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს და ამიტომ მიმართა სტრატეგიას, მიჩქმალოს და სერიოზულობა დაუკარგოს წინააღმდეგობას, რომელიც ქვეყანაშია. მისივე თქმით, ეს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარებათ.
კაჭკაჭიშვილის განმარტებით, პროტესტის ხანგრძლივობა ხელისუფლებას ამ სტრატეგიას შეაცვლევინებს.
საქართველოში საპროტესტო ტალღა აგორდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ ქვეყანა აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.
საქართველოს ქალაქებში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. პარალელურად, გაჩნდა დაუმორჩილებლობისა და პროტესტის სხვა მცირე კერებიც.
“ქართული ოცნება” ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს არ აღიარებს იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისის აღიარება ნიშნავს იმას, რომ ეს კრიზისი უნდა გადაიჭრას და უნდა გადაიჭრას კონსენსუსის გზით, მოწინააღმდეგე ძალებთან მოლაპარაკების საშუალებით.
კონსენსუსის ერთადერთი ლეგიტიმური პროდუქტი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები. ცხადია, ახალი არჩევნების “ქართულ ოცნებას” ძალიან ეშინია იმიტომ, რომ ახალი არჩევნები, პრაქტიკულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს. ამიტომ, სხვა სტრატეგია აქვს ჯერჯერობით.
ახალ არჩევნებზე რეფლექსიამ თვით ხელისუფლებაში და ხელისუფლების მომხრე ექსპერტებში გაჟონა, ყოველ შემთხვევაში, ამ თემას ყურადღება მიაქციეს და ეს აღარ არის უკვე სახუმარო თემა “ქართული ოცნების” მხრიდან.
ხელისუფლებამ მიმართა სხვა სტრატეგიას – მიჩქმალოს და სერიოზულობა დაუკარგოს იმ წინააღმდეგობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ასი ათას ადამიანს ათასად ასაღებს, სამოქალაქო საზოგადოებას აგენტებად აცხადებს, ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას ჩავარდნილ “ნაცმაიდანს” ახსენებენ – მთელი პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროტესტი მიჩქმალონ და წინააღმდეგობას მნიშვნელობა დაუკარგონ.
პროტესტის ხანგრძლივობა დროსა და სივრცეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ნამდვილად არის განგრძობითი პროტესტი, ხელისუფლებას ამ სტრატეგიას შეაცვლევინებს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას ეს სტრატეგია ვერ დაეხმარება დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ, რომ ყველა – ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც თვალს უსწორებს მართლაც უკომპრომისო ბრძოლასა და წინააღმდეგობის მოძრაობას.”