ხელისუფლება ეუბნება აშშ-ს: ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო – ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ, – ასე ეხმაურება სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე “ქართული ოცნების” პასუხს.
მმართველი პარტია “ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს განცხადებას აქვეყნებს, სადაც ეხმაურება MEGOBARI Act-ს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან ვიზალიბერალიზაციასა და მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს შანტაჟის ენით ესაუბრებიან.
ოცნების განმარტებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისათვის კი, “არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო.”
იაგო კაჭკაჭიშვილი:“უტიფრობის კიდევ ერთი მასტერ კლასი ქართული ოცნებისგან.
აშშ-ის მისამართით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა”.
ანუ, ხელისუფლება ეუბნება აშშ-ს: ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო. ჩვენ დავაწიოკებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს და კრიტიკულ მედიას, გამოვაცხადებთ აგენტებად და ქვეყნის მტრებად ყველას, ვისაც არ მოვწონვართ, ჯიბეში ჩავისვამთ სასამართლოს, მშვიდობიან პროტესტებს დავარბევთ, უმცირესობებს საჯარო არსებობას ავუკრძალავთ, კორუფციაში ჩავეფლობით, მაგრამ, ამის მიუხედავად, კეთილი ინებზე და უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა მოგვეციო. ბურთი მხოლოდ თქვენს მოედანზეაო.
ჰოდა, ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ. და არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ, პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ.
და იქნებ იმაზეც გეფიქრათ, რამდენად დააკმაყოფილებს თქვენი პასუხი ყოველ მეხუთე ოჯახს საქართველოში, რომელიც ამერიკიდან მათი წევრების მიერ გამოგზავნილი ფულით სულდგმულობს.”