ჰარცელის თქმით, პარტიების რეგისტრაციიდან მოხსნაზე კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს
გაზიარება
გაზიარება
მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივები შეთანხმების მიღწევის პროცესს ხელს შეუშლის – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
საუბარია “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ და უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ საკანონდმებლო ინიციატივაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციიდან მოხსნას და მათთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.
გულახდილად რომ გითხრათ, შეშფოთებას იწვევს
ჰარცელი განმარტავს, რომ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვისას პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს, მსხვილი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არის მიმართული.
თუმცა ევროკავშირის ელჩი “გარკვეულ ლოგიკას” მაინც ხედავს ქართული ოცნების ამ საკანონმდებლო ინიციატივაში.
“შესაძლოა იყოს კამათი, რომ პარტიები, რომლებიც ფინანსდებიან, უნდა შევიდნენ პარლამენტში და შეასრულონ საკუთარი როლი და აიღონ პასუხისმგებლობა”, – ამბობს ჰარცელი.
ჰარცელმა განმარტა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან “უფრო ფართო არგუმენტაციის წარდგენაა საჭირო”.
ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა ოპოზიციონერთა მიერ მანდატების მიღებაზე უარის თქმის შესახებაც.
“მქონდა შეგრძნება რომ ამ დღეებში განხორციელდა ზედმეტი ზეწოლა ინდივიდუალურ დეპუტატებზე, ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო კარის დახურვის დაწყებას ფართო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობისთვის, რისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას”, – განაცხადა ჰარცელმა.
“ქართული ოცნება” პარლამენტში ახალი ინიციატივით შევიდა – პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სრულად არ აითვისებს არჩევნებში მიღებულ სადეპუტატო მანდატებს, გაუუქმდება პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.
ამ რეგისტრაციის გაუქმება კი, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს.
კანონპროექტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს – კანონპროექტში წერია, რომ სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერი არ არის საქართველოს მოქალაქე და აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო აგიტაციაში.